„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მარნეულის მე-3 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მარნეულის მე-3 საარჩევნო უბნის დახურვასა და შედეგების გაუქმებას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი აცხადებენ, რომ უბანზე ე.წ. სომხური კარუსელი დაფიქსირდა. მათივე თქმით, ერთი და იგივე ამომრჩეველი რამდენჯერმე აძლევს ხმას.
„ამ უბანზე დილიდან მიმდინარეობს ზეეწოლა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კომისიის წევრებზე. მათი გარეთ გაშვება უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლა ჩვენ დავინახეთ, რომ რამდენიმე პირმა სცადა, რამდენიმეჯერ შევიდეს შიგნით. ვიდეო ფაქტებიც გვაქვს, რომ ამ უბანზე ე.წ. სომხური კარუსელი ხდებოდა. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მოვითხოვთ, რომ ეს უბანი დაიხუროს“,- განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი კი მარნეულში აქციებს აანონსებს. მისივე თქმით, „საღამოს მთელი მარნეული ფეხზე იდგება“.
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ძალადობის, მოსყიდვის და მუქარის გზა. თითქმის ყველა უბანზე არის ე.წ. კარუსელები. საღამოს საათებში მთელი მარნეული ფეხზე იდგება. დაველოდოთ, როგორი შედეგები იქნება. ვგეგმავთ აქციებს“, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
განმარტება გააკეთა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, სამირა კასანოვამ, რომლის თქმითაც, ე.წ. კარუსელს ადგილი არ ჰქონია. მისივე განცხადებით, იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა.
„არანაირ დარღვევას და კარუსელს ადგილი არ ჰქონია. მე არაფერი დამინახავს. იყო ტექნიკური სახის შეფერხება და ამაზე დაიწერა ახსნა-განმარტება. როცა ყვიროდნენ, ჩვენ მყისიერ რეაგირებას ვახდენდით და არანაირი დარღვევა არ ყოფილა. სპეციალურად ხმაურობენ და პროცესის შესაფერხებლად ეძახიან ტელევიზიებს. ერთი შემთხვევა იყო, როცა ვერ ნახეს ადამიანის სარეგისტრაციო ნომერი, რის გამოც გავიდა და თავიდან შემოვიდა. თუ ამას ეძახიან კარუსელს, ეს არასწორია“, – განაცხადა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.