„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტის ბიუროს სხდომას არ დაესწრება
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას, რომელზეც ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმების საარჩევნო სისტემის ნაწილი იქნება წარდგენილი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, საპარლამენტო საქმიანობას მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც შეთანხმების ორივე მხარე შესრულდება.
კერძოდ, გოცირიძის განმარტებით, შეთანხმება არის როგორც საარჩევნო ცვლილებებზე, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
„ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პირველად იქნება წარმოდგენილი შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება საარჩევნო კანონმდებლობას. არამგონია აქ რამე პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვენ ბიუროს მაინც არ დავესწრებით, ვინაიდან შეთანხმება არის პაკეტზე – ერთი მხრივ საარჩევნო ცვლილებებსა და მეორე მხრივ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. როდესაც ორივე მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული და შეთანხმება მთლიანად შესრულდება, მაშინ დავუბრუნდებით საპარლამენტო მუშაობას და მხარს დავუჭერთ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთან, გოცირიძის თქმით, ოლქების გადანაწილების საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
„სამუშაო გასაგრძელებელია, მათ შორის ოლქებთან დაკავშირებით. უკვე არის ოლქების საკუთარ თავზე მორგების მცდელობა. ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც გვინახავს, მაგრამ აი, ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა. უნდათ, რომ თბილისში მოიპარონ ერთი ოლქი და დიდი თბილისი გაყონ შვიდ ოლქად, ნაცვლად რვა ოლქისა. ეს ჯერჯერობით მათი შიდა მოსაზრებაა. საბოლოო ჯამში, პარტიები შევთანხმდებით და ოლქებიც განაწილდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად“ ,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოიცავს ორ ნაწილს – საკონსტიტუციო ცვლილებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.
„დიპლომატიური ენით იყო ნათქვამი, რომ ქვეყანაში სასამართლო არის პოლიტიზებული. არადიპლომატიური ენით იგივე თქვეს გუშინ ამერიკის კონგრესმენებმა, რომლებმაც პირდაპირ მოუწოდეს მთავრობას, რომ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ელჩის ენა სხვა არის, პოლიტიკოსების – სხვა. პოლიტიკოსები ამბობენ პირდაპირ. სწორედ პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ შეთანხმება მოიცავს ორ მხარეს: საკონსტიტუციო ცვლილებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. როდესაც შეთანხმების ორივე პირობა შესრულდება, ვბრუნდებით პარლამენტში და ვიღებთ მონაწილეობას. მანამდე ითვლება, რომ შეთანხმება შესრულებული არ არის“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება საარჩევნო ბლოკების საკითხს, გოცირიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით პარტიები იმსჯელებენ და პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებენ.
„ჩვენ განსაკუთრებული მოსაზრება ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს და მხარს დავუჭერთ იმ მოსაზრებას, რომელიც გამოხატავს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის სურვილსა და ინტერესს“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.