„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოში ბოიკოტირების რეჟიმში გადადის. ამის შესახებ ფრაქციის წევრებმა ბათუმის საკრებულოში დღეს დაგეგმილ სხდომამდე განაცხადეს.
„ჩვენ აღარ დავესწრებით სხდომებს, ვიდრე არ გადაწყდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი – პროპორციული არჩევნები. ფაქტობრივად გადავდივართ ბოიკოტირების რეჟიმში, სანამ ეს პროცესები ქვეყანაში ხალხის სასარგებლოდ არ დალაგდება“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა ლევან ანთაძემ.
გამონაკლისი მხოლოდ ერთი სხდომა იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აპირებენ, მხოლოდ იმ სხდომას დაესწრონ, რომელზეც ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.