„ნაციონალური მოძრაობა“ - აირჩევა ახალი პოლიტსაბჭო, სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობას პარტიაში ახლად მოსული ადამიანები შეუდგებიან
„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ჩამოყალიბდება ახალი პარტიული სტრუქტურა, აირჩევა ახალი პოლიტიკური საბჭო, ხოლო სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობას პარტიაში ახლად მისული ადამიანები შეუდგებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები დასრულებულია!
არჩევნები ინოვაციურად, მაღალტექნოლოგიური მეთოდით – ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებით ჩატარდა. ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერების უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო.
პარტიის მართვის უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის მსგავსი, მაღალი დონის ლეგიტიმაცია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით, პარტიის რეალურად გაძლიერების შანსს იძლევა. ამ ყოველივეს მიზანია, უმოკლეს დროში, ერთიანი ძალისხმევით, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟი და სახელმწიფო ევროატლანტიკური საგარეო კურსის შეუქცევადობის უზრუნველყოფა.
პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და რეალიზება გარკვეულ დროს მოითხოვს. შედეგად, ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა, გაძლიერდება რეგიონული პოლიტიკა და ორგანიზაციები, აირჩევა ახალი პოლიტიკური საბჭო და სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობას პარტიაში ახლად მოსული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანები შეუდგებიან.
რაც შეეხება არაპოლიტიკურ, წმინდა საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ მართვას, მათ შორის სხვადასხვა სოციალურ ქსელში პარტიის კუთვნილებაში არსებული სხვადასხვა რესურსის კოორდინირებულ მუშაობას, ენმ-ის გენერალური მდივნის მითითებით, პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა შუალედური ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო გადაწყვეტილებები უკვე აღსრულების პროცესშია“, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.