„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განმარტებით, მათი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში 24 იანვარს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

პარტიაში აცხადებენ, რომ პარასკევს მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ყველა მასალა ითარგმნება და ვიდეოკადრებთან ერთად ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესს მიმდინარე კვირაში მიეწოდება.

ირაკლი ნადირაძისა და სევდია უგრეხელიძის შეფასებით, ლევან ხაბეიშვილზე პარასკევს ორგანიზებული თავდასხმა მოხდა, ძალადობის წახალისება კი „ქართული ოცნებისა“ და პირადად ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტ კახა კალაძის მიერ მოხდა.

„პარასკევს ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანას კრიმინალური ბანდა მართავს. ამ კრიმინალურ ბანდას თავის წარმომადგენლები ჰყავს პარლამენტში, საკრებულოში, პოლიციასა და ყველა აღმასრულებელ შტოში. ეს იყო ლევან ხაბეიშვილზე ორგანიზებული და სამარცხვინო თავდასხმა, როდესაც ტურებივით ერთი 10-ზე გაუსწორდნენ ჩვენს კოლეგას. ეს წინასწარ დადგმული ძალადობა იყო ლევან ხაბეიშვილის მიმართ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამორჩეული ოპოზიციური ლიდერი. ლევან ხაბეიშვილი მთელი ქვეყნის მასშტაბით კორუფციას ებრძვის. კიდევ უფრო მეტად სამარცხვინო იყო შეფასებები და განცხადებები, რომელიც ხაბეიშვილზე თავდასხმის შემდეგ გაკეთდა. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ გაამართლა და წაახალისა ეს ძალადობა და შემდგომი ძალადობები. ეს ძალადობა პირველი არ იყო. როდესაც საქმე ეხება „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო დეპუტატების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს ადამიანები ციხეში მიდიან, ხოლო თუ თავდასხმა ხდება ოპოზიციონერ დეპუტატებზე, ეს ადამიანები დაუსჯელები არ რჩებიან. ამ ყველაფრის წამახალისებელი და უკან მდგარი უპირველესად კახა კალაძეა, რომელიც თბილისის მერის გარდა ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტია. ეს ასოციაცია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებს ირჩევს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი წარმომადგენელი ვართ ამ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ჩვენ გვინდა, პროტესტის ნიშნად ეს ასოციაცია დავტოვოთ, რადგან ასოციაცია უმოქმედოა და არანაირ ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონია“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

„მთელმა საქართველომ ნახა სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელიც პოლიტიკურად იყო სრულიად მიუღებელი, ამაზრზენი და სამარცხვინო. სამართლებრივად, ეს დანაშაული იყო და როგორც ვხედავთ, ამაზე არავითარი რეაგირება არ არის. მაშინ, როდესაც აქციაზე დგომისთვის ადამიანებს აპატიმრებენ, საკრებულოს წევრის ცემისთვის მოძალადეებს ხმასაც არ სცემენ. ეს ფაქტი პირველი არ არის და ვშიშობთ, არც უკანასკნელი იქნება. ჩვენ გახლავართ ადგილობრივ თვითმმართევლობათა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, მმართველი ორგანოს წევრები. მაგრამ ვინაიდან მისი თავმჯდომარის მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ, ჩვენ აღმასრულებელ საბჭოს ვტოვებთ“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ძალადობას გულისხმობს.