„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ზვიად კუპრავას დაკავებაზე ინფორმაციას დეტალურად გააცნობენ არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა თინა ბოკუჩავამ და მურთაზ ზოდელავამ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას დაკავებაზე პრესკონფერენცია გამართეს.
თინა ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ინფორმაციას დეტალურად გააცნობს არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს.
„დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლებას ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს იმაში, რომ მათ დააკანონეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლიცია და შერჩევითი სამართალი. არ შეიძლება უჩა მამაცაშვილის ოჯახის წევრები ცემდნენ და თავს ესხმოდნენ რუსთავის მერს და ის იყოს გარეთ; არ შეიძლება, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე იყოს გარეთ, რომელმაც ჯაჭვით სცემა ადამიანი და მეორე მხრივ, იყოს ზვიად კუპრავა, რომელსაც გახარიას უწყება ბრალად სდებს პანღურის ამორტყმას სხვა ადამიანისთვის და სხვისი თეფშიდან ჭამის ბრალდებით კუპრავა იყოს ციხეში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
როგორც ბრიფინგზე მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, „ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველა ვადევნებთ თვალს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, რომელიც აწარმოეს ზვიად კუპრავასთან მიმართებაში“.
„ის არის ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი. ყველამ ვიცოდით, რომ მას დასჯიდნენ, რადგან იყო აქტიური. გახარიას უწყებამ მიიღო დავალება, როგორც ყოველთვის ხდება ივანიშვილისგან და მათ ყველაფერი მოიმოქმედეს, რომ მომხდარიყო კუპრავას განეიტრალება და მოეთავსებინათ ციხეში. ეს მოხდა მექანიზმით, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად ვადევნებთ თვალს. ეს არის ორი აბსურდული ბრალის წარდგენა. პირველი ბრალის შემთხვევაში ხდება გირაოს შეფარდება სამიზნისთვის და მეორე ბრალის შემთხვევაში, ხდება გირაოს შეცვლა პატიმრობით, ზუსტად ეს მექანიზმი გამოიყენეს დავით კირკიტაძის შემთხვევაში“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს დააკავეს.