„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას ხელი შეუშალოს
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენას ხელი შეუშალოს. აღნიშნულ საკითხზე პარტიაში კომენტარები დღეს გაკეთდა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, უმრავლესობა ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს, რათა საზოგადოებამ არ მოისმინოს სტრატეგიული პარტნიორების ძირითადი გზავნილები.
„ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ საკითხს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. 2013 წლის 8 თებერვალს მან პრეზიდენტ სააკაშვილს არ მისცა უფლება, წარედგინა და საზოგადოებისთვის გაეცნო თავისი წლიური ანგარიში. მარგველაშვილი როდესაც გახდა ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა, არ აძლევდა მარგველაშვილს თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, მათ შორის, პარლამენტში. ახლა სალომე ზურაბიშვილის ჯერი დადგა. ბიძინა ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა, ცხადია, ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს, რომ საზოგადოებამ არ მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ქართველი ხალხის მთავარი ამოცანაა, საქართველო იხილოს ევროკავშირში. პროდასავლური ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას წევრობისკენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ „„ქართულ ოცნებას“, საქმის ნაცვლად, ცირკის მოწყობა სჩვევია და ესეც შეიძლება იყოს მორიგი ცირკი“.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი ვალდებულებაა, დაიცვას კონსტიტუცია, გამოიყენოს კონსტიტუციური ბერკეტები და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ. მას უნდა ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა. ეს არის სალომე ზურაბიშვილის ვალდებულება, ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ისინი დგამენ ცირკს, ეს გააკეთა ადრეც და გააკეთებს სულ, არ არის მნიშვნელოვანი. ფაქტია ერთი რამ, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, დაპირისპირებულები და არიან შესაცვლელები“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
რეგლამენტით მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.