„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პროკურატურაში ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები მიიტანეს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პროკურატურაში ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები მიიტანეს

გენერალურ პროკურატურაში მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით. ეს არის ხარება, გოგა მემანიშვილი და ყველა ის რობოკოპი, რომლის სანომრე ნიშანი, მათ შორის, რამდენიმე სიუჟეტში არის ასახული. ვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე.

ლაშა ფარულავა საგამოძიებო უწყებასთან, პარტიის იურისტთან, ლაშა ტყეშელაძესა და სხვა თანაპარტიელებთან ერთად იმყოფებოდა.

„ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა არ არის მხოლოდ სასტიკი ძალადობა, არამედ არის პოლიტიკური და ფიზიკური ანგარიშსწორება ყველა იმ ოპოზიციონერზე, პროდასავლურ ლიდერზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ გატეხა ივანიშვილის რეჟიმმა. მეშვიდე დღე დაიწყო და გამოძიება არ დაწყებულა, როცა მათი პირდაპირი ვალდებულებაა, დაწყებულიყო გამოძიება ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ეპიზოდზე და მათ შორის ყველა იმ ახალგაზრდის ცემაზე, რომელიც მოდის ივანიშვილის რეჟიმისგან. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება ყველა ამ ძალადობაზე, ვინაიდან ეს არის პროკურატურის პირდაპირი ვალდებულება. მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მაღალი სტანდარტით როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური სტანდარტით შემოგვთავაზონ გამოძიება. ჩვენ მოვიტანეთ ფოტო მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ძალადობს ივანიშვილის რეჟიმი ლევან ხაბეიშვილზე. ფოტომასალაში ჩამოთვლილი გვყავს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ივანიშვილის დავალებას. ეს არის ხარება, გოგა მემანიშვილი და ყველა ის რობოკოპი, რომლის სანომრე ნიშანი, მათ შორის რამდენიმე სიუჟეტში არის ასახული. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილის პროკურატურა და შოთაძე დაიწყებენ გამოძიებას, თუმცა ყველას შევახსენებ, რომ ამ ძალადობას არ აქვს ხანდაზმულობა და აუცილებლად ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.