„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ირაკლი ეძგვერაძე გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა
პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ირაკლი ეძგვერაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დაარსების დღიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ მიზანს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული და ერთიანი საქართველოს მშენებლობა წარმოადგენს. ყველასთვის ცხადზე უცხადესია, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე მთავარი ბარიერი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმია, რომელიც ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს ყოველდღიურად ანადგურებს. ამ ბრძოლაში ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ყველა პატრიოტსა და ამ სახელმწიფოს ღირსეული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანს საერთო სამიზნე ჰყავს. სამიზნე, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველანაირ დაუშვებელ და უკანონო მეთოდს იყენებს. ამ მიდგომის ერთ-ერთი უკანასკნელი და თვალსაჩინო მაგალითი გლდანში მომხდარი ბანდიტური თავდასხმაა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის მეგობრებს დაესხნენ თავს, რადგან ბოლო რამდენიმე არჩევნების განმავლობაში ირაკლი გლდანში ჩვენი პარტიის ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა. ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ირაკლი ეძგვერაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ჩვენ გვჯერა, რომ „რუსული ოცნების“ რეჟიმის დანგრევა მხოლოდ საერთო ფრონტითა და ჩვენი სამშობლოს ერთგულ პატრიოტთა მაქსიმალური მობილიზაციითაა შესაძლებელი, რისთვისაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.