„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძეს ექიმები შიმშილობის გაგრძელების რეკომენდაციას არ აძლევენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძეს ექიმები შიმშილობის გაგრძელების რეკომენდაციას არ აძლევენ

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კირკიტაძეს ექიმები შიმშილობის გაგრძელების რეკომენდაციას აღარ მისცემენ.

„დათო გუშინ გადაიყვანეს. საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ცვლილებები ჰქონდა კარდიოგრამაში და ამიტომ საავადმყოფოდან  კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. მკურნალობენ, ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ საბოლოოდ“, – განაცხადა ჯანაშიამ.

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, მეცხრე დღეა შიმშილობას აგრძელებენ. წითლიძეს თქმით, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტს, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება.

„ყველაზე მეტად მაღელვებს ჩემი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობა. კირკიტაძის მდგომარეობა იყო იმდენად მძიმე, რომ ჯერ კიდევ გუშინ ექიმები არ აძლევდნენ შიმშილობის გაგრძელების რეკომენდაციას. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, პარლამენტში, მოშიმშილეების ოთახთან დღეიდან ექიმები ყოველ დღე, ოცდაოთხი საათით იქნებიან, რათა მათი მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში დახმარება დროულად აღმოუჩინონ.