ნაჩო სანჩესი - საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციით ზიანი მიადგება ევროკავშირისა და ჩვენი დამკვირვებლების იმიჯს, გაჩნდება რისკი, რომ არჩევნებში ჩარევაში დაგვდებენ ბრალს
ევროპარლამენტში მომზადებული რეზოლუცია არის საჩუქარი ანტიევროპული ძალებისთვის, როგორც ჩემმა ულტრამემარჯვენე კოლეგებმა თქვეს, ეს არის დებატები დემოკრატიის უკუსვლაზე, მაგრამ ამ რეზოლუციაში 13-ჯერ არის ნახსენები არჩევნები, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება, ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ საქართველოში და ისინი მიჩნეულები იყვნენ ობიექტურ და ნეიტრალურ შემფასებლად, – ამის შესახებ ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩესმა განაცხადა.
როგორც სანჩესმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე აღნიშნა, შესაძლებელი იყო, რომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია ერთი თვით დაგვიანებით ყოფილიყო მიღებული.
„პოლიტიკა არ არის მხოლოდ შინაარსი, არამედ არის დროც, ანუ როდის ხდება ეს ყველაფერი. ეს და წინა რეზოლუციაც, რომელიც ეხება მოლდოვას, განიხილება ამ ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რაც არ არის სათანადო დრო და შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. ევროპარლამენტი ყოველთვის იკავებდა თავს იმ ქვეყნებზე მოსაზრებების გამოთქმისგან, რომლებშიც არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა ევროპარლამენტი არ დაადანაშაულონ ამ არჩევნებში ჩარევაში. ეს რეზოლუცია, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსი აქვს მას და რომელიც შეიცავს ისეთ პუნქტებს, რომლებსაც ვეთანხმებით, იქნება გამოყენებული საქართველოს მთავრობის და რუსეთის მიერ მტკიცებულებად, რომ ევროპა ერევა საქართველოს არჩევნებში. ეს რეზოლუცია არის საჩუქარი ანტიევროპული ძალებისთვის. როგორც ჩემმა ულტრამემარჯვენე კოლეგებმა თქვეს, ეს არის დებატები დემოკრატიის უკუსვლაზე, მაგრამ ამ რეზოლუციაში 13-ჯერ არის ნახსენები არჩევნები. ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება, ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ საქართველოში და ისინი მიჩნეულები იყვნენ ობიექტურ და ნეიტრალურ შემფასებლად. რა ბედი ელით მომლაპარაკებლებს, განიხილავენ კი ამ ქვეყნებში მათ ნეიტრალურებად? მე ეჭვი მეპარება ამაში. ასე რომ შედეგი იქნება შემდეგი, ზიანი მიადგება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის იმიჯს, ზიანი მიადგება ჩვენს დამკვირვებლებს და გაჩნდება რისკი, რომ ჩვენ არჩევნებში ჩარევაში დაგვდებენ ბრალს. ჩვენ შეგვეძლო, ერთი თვე დავლოდებოდით და მიგვეღო იგივე რეზოლუცია, ამ საფრთხეების გარეშე“, – განაცხადა სანჩესმა.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი 14-მა ევროპარლამენტარმა მოამზადა.