ნაჩო სანჩესი - ევროპის პროგრესულმა ოჯახმა გამოხატა მზაობა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ახლა ქვეყანაში პოლიტიკური აქტორები ერთად უნდა დასხდნენ და ისაუბრონ პროევროპულ დღის წესრიგზე
მოუთმენლად ველით საქართველოს მზადყოფნას შემოერთებისთვის და კანდიდატის სტატუსს თქვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩესმა საქართველოს პირველ არხს ბერლინში განუცხადა, სადაც ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესი მიმდინარეობს.
ევროპარლამენტარის თქმით, ევროპის პროგრესულმა ოჯახმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
„ევროპის პროგრესულმა ოჯახმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენი სურვილია. ახლა გვჭირდება ქვეყანაში პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური გარემოს აქტიურობა. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, პოლიტიკური აქტორები ერთად უნდა დასხდნენ და ისაუბრონ პროევროპულ დღის წესრიგზე. ამავდროულად, მინდა მოვუწოდო „ენჯეოებს“, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ნებისმიერ ადგილას, რადგან ადგილზე მეტად მნიშვნელოვანი აქ შინაარსია. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს მზადყოფნას შემოერთებისთვის და კანდიდატის სტატუსს თქვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ნაჩო სანჩესმა.