ნაჩო სანჩეს ამორი - პოლარიზაცია ოპოზიციური პარტიებისთვის ხელსაყრელი თუ არის, ევროპარლამენტში ისევე უნდა დავადანაშაულოთ ოპოზიცია, როგორც ვადანაშაულებთ მთავრობას
ძალიან კრიტიკული ვიყავი ევროკომისიის გადაწყვეტილების მიმართ. დიდი პოლიტიკური შეცდომაა, არ მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში პოლარიზაცია გაამწვავა.
ამასთან, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს მიმართა, რომ საკმარისი არ არის, ქვეყანას მხოლოდ რეკომენდაციების შესაბამისი მიღწევები ჰქონდეს.
„მე არ შემიძლია 12 რეკომენდაციის შესრულების ციფრებზე საუბარი. ჩვენ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას, რომელიც იქნება უფრო სრული, დეტალური და მეტი ნიუანსით, თუმცა მინდა, ვთქვა, რომ პოლიტიკური განწყობა, რომელიც შექმნილია ევროკავშირსა და საქართველოს შორის, არ არის საუკეთესო. რატომ? მაკა, თქვენ თქვით: შეგვაფასეთ ჩვენი მიღწევების საფუძველზე. თუ მიღწევები არის მხოლოდ 12 პრიორიტეტთან შესაბამისობით გამოთვლილი პროცენტები, ეს საკმარისი არ არის. საქმე ეხება რეგულირებას, პოლიტიკურ ხასიათს, შეგრძნებას, რომ თქვენ ევროკავშირს უახლოვდებით. თქვენ და ჩემმა კოლეგებმა იცით, რომ ძალიან კრიტიკული ვიყავი ევროკომისიის გადაწყვეტილების მიმართ, არ მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის. ეს არის დიდი პოლიტიკური შეცდომა, რადგან სიმართლე არ იყო, რომ ის ქვეყნის დასახმარებლად იყო. მისი მიზანი იყო პოლარიზაციის შემცირება და, რა თქმა უნდა, ამან გაამწვავა პოლარიზაცია. ეს არის იდეალური მიზეზი ოპოზიციისთვის, მთავრობას უთხრას: თქვენ ბოლო საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ჩააგდეთ. რა თქმა უნდა, ამან პოლარიზაცია გაამწვავა“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
ამასთან, სხდომაზე ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ მისი რჩევაა „ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის ვიქტორ ორბანის გზა არ აირჩიონ“.
„ბატონი ორბანი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და თქვენს პრემიერ-მინისტრს აქვს სრული უფლება, ისიამოვნოს ბატონ ორბანთან პოლიტიკური კომპანიით, თუმცა თქვენ უნდა იცოდეთ, რომ კარი, რომელსაც თქვენ ირჩევთ ევროკავშირში შესასვლელად, თუ ეს ორბანის კარია, ეს კარი არ არის ორმხრივი, მას მხოლოდ ევროკავშირის გარეთ გაჰყავხარ. ეს არ არის ორმხრივი გასასვლელი. ჩემი რჩევაა, სცადეთ სხვა კარის არჩევა“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
ნაჩო სანჩეს ამორმა სხდომაზე პოლარიზაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოლარიზაციის შემცირება თუ სურს, სააკაშვილს ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ გაყვანის უფლება უნდა მიეცეს.
„ვიცი, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ ჩემთვის უცნაურ ნარატივს, რომ სააკაშვილი არის ადამიანის უფლებების ლიდერი ან ჩემპიონი. ეს არის ხუმრობა, თუმცა სააკაშვილი შეიძლება, იყოს პოლიტიკური ვითარების მსხვერპლი. ერთია, იყო ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლი და მეორეა, იყო ადამიანის უფლებების ჩემპიონი, როგორც ეს ერთ-ერთმა შვედურმა ორგანომ განაცხადა. ის, რასაც მე ამ პარლამენტში ხშირად ვამბობ, არის, რომ თუ გსურთ პოლარიზაციის შემცირება, შეაჩერეთ სააკაშვილის პატიმრობის ვადა და მიეცით ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ გაყვანის უფლება. არა შეიწყალოთ ან აღიაროთ პოლიტიკურ პატიმრად, არამედ შეაჩერეთ პატიმრობის ვადა სამართლებრივი თვალსაზრისით მხოლოდ ჯანმრთელობის მიზეზით“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
ევროპარლამენტარმა ასევე განაცხადა, რომ დეპოლარიზაცია მხოლოდ მთავრობას არ უნდა მოსთხოვონ.
„ვეთანხმები კოლეგებს, რომ დეპოლარიზაცია არ არის ის საკითხი, რომელიც მხოლოდ მთავრობას და ინსტიტუტებს შეგვიძლია, მოვთხოვოთ. დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ არის სხვადასხვა უკიდურესობა. მე ვიცნობ თქვენს ქვეყანას. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანები და ჩვენ შეგვიძლია, დანაშაული დავაკისროთ თანაბრად მთავრობასაც და ოპოზიციასაც. თუკი ოპოზიციისთვის პოლარიზაცია არის ხელსაყრელი, ჩვენ ოპოზიცია იმავე დონეზე უნდა დავაყენოთ, როგორზეც მთავრობა. თქვენ ხართ მთავრობა, თქვენ უნდა იყოთ მეტად პასუხისმგებელი, მოქნილი, მომთმენი, უნდა გადადგათ შემხვედრი ნაბიჯი, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს გზავნილებში. თუკი პოლარიზაცია არის ხელსაყრელი ოპოზიციური პარტიებისთვის და ოპოზიციური პარტიები უპირატესობას ანიჭებენ პოლარიზაციის გარემოს, ჩვენ ევროპულ ინსტიტუტებში, ევროპარლამენტში იმავენაირად უნდა დავადანაშაულოთ ოპოზიცია, როგორც ვადანაშაულებთ მთავრობას“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.