N54 ავტობუსი მარშრუტზე პირველად 31 დეკემბერს გავა
N54 ავტობუსი მარშრუტზე პირველად 31 დეკემბერს გავა

ავტობუსის ახალ, N54 მარშრუტზე ავტობუსები პირველ რეისს 31 დეკემბრის დილიდან შეასრულებენ – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის მერიიდან აცნობეს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, N54 ყოფილი N13-ის მარშრუტს იმეორებს და მის დანიშვნას დიდი დიღმის მოსახლეობა თბილისის მერიისგან რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა.

N13 მარშრუტი 2009 წელს გაუქმდა და მას შემდეგ დიდი დიღმიდან საბურთალოს გავლით, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე ავტობუსები აღარ მოძრაობდა.

დედაქალაქის მთავრობამ ავტობუსების ახალი – N54 მარშრუტის დანიშვნის გადაწყვეტილება 13 დეკემბერს მიიღო. N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან – ახალი ავტობაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს გაივლის და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. გელოვანის გამზირიდან იგი ჟვანიას მოედანზე აუხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და  ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.

N54 მარშრუტი ვაშლიჯვრისა და სოფელი დიღმის მოსახლეობის ინტერესებსაც ითვალისწინებს, რადგან  მარშალ გელოვანის გამზირზე მომლოდინე მგზავრებსაც მოემსახურება.

პირველ ეტაპზე, N54-ზე 78 მგზავრის ტევადობის ექვსი ერთეული დიდი ყვითელი „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს, რომელთა რიცხვიც იანვრის მეორე ნახევრიდან შვიდამდე გაიზრდება.

ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ 31 დეკემბრის დილიდან დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის სფეროში შეტანილი კიდევ ორი ცვლილება ამოქმედდება. კერძოდ, N39 ავტობუსის მარშრუტი დაგრძელდა და იგი ამიერიდან ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონის 407-ე კორპუსსა და „ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისთან“ არსებულ წრიულზე მობრუნდება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერება დაწესდება.შემდგომ ეტაპზე,გაჩერებაზე  გათვალისწინებულია მოსაცდელის მონტაჟი.

ცვლილება შეეხება N41 ავტობუსის მარშრუტსაც,რომელიც მეტროსადგურ „ისნიდან“ სოფელ წინუბნამდე მოძრაობდა. იგი31 იანვრიდან იალნოს ქუჩასაც მოემსახურება.

მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობა შიდა რეზერვების მოსაძიებლად მუშაობს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის კუთხით ყველაზე რთულ მარშრუტებზე ავტობუსების დამატებები კვლავ გაგრძელდეს. ამავდროულად, თბილისის მერია უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ავტობუსების პარკის სრულ განახლებასა და გაზრდას გეგმავს.