N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ორშაბათიდან ახლომდებარე ბაღებში გადაანაწილებენ
თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაღში, სადაც სააღმზრდელო პროცესი დღეს დილიდან შეჩერდა, 800-მდე ბავშვი დადიოდა და მათ ახლომდებარე ბაღებში გადაანაწილებენ, – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.
კახა გვანცელაძის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა დრო და ფინანსური რესურსი დასჭირდება შენობების რეაბილიტაციას. რაც შეეხება სხვა ბაგა-ბაღებს, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მათი შენობების შემოწმება ეტაპობრივად მოხდება.
„მიმდინარეობს ბაგა-ბაღების მონიტორინგი. ამ პროცესში ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. უკვე მივიღეთ რამოდენიმე ბაღზე დასკვნა, მათ შორის სამი ბაღის დასკვნა, სადაც წერია, რომ არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა და შემდგომი ექსპლუატაციაც შეუძლებელია. ჩვენ უმალვე რეაგირება მოვახდინეთ და გავაფრთხილეთ ყველა მშობელი, რომ გაეთვალისწინებინა და უკვე ორშაბათს ბავშვებს ახლომდებარე ბაღებში გადავიყვანთ“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.
დღეს დილიდან თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.