139-ე საჯარო სკოლასთან დირექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისში, ისან-სამგორის რაიონში, 139-ე საჯარო სკოლის პედაგოგები ნინო ხოხობაშვილი და ლელა მაზმიშვილი სადამრიგებლო კლასების მოსწავლეებთან ერთად, სკოლის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი დირექტორს, ნათია ფხალაძეს სკოლაში სასწავლო პროცესის ერთპიროვნულ მართვაში ადანაშაულებენ. ნინო ხოხობაშვილის განცხადებით, დირექტორმა სკოლის რამდენიმე პედაგოგის დისკრიმინაცია იმ ნიშნით დაიწყო, რომ მათ განსხვავებული აზრი გააჩნიათ და დირექტორის გარკვეულ გადაცდომებს ღიად აფიქსირებენ.
„მას ჰყავს თავისი დანიშნული დისციპლინური საბჭო, რომელიც იმ გადაწყვეტილებას იღებს, რასაც დირექტორი ეტყვის და ამ საბჭოს მეშვეობით ნათია ფხალაძე პედაგოგებს ათავისუფლებს. ერთი პედაგოგი – ლელა მაზმიშვილი უკვე გაათავისუფლა. დღეს მეორე დისციპლინური საბჭო იმართება, სადაც ჩემს საკითხს განიხილავენ და ველოდები, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხიც დადგება“, – განაცხადა ნინო ხოხობაშვილმა.
ხოხობაშვილის თქმით, დირექტორი მას გამოგონილ და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს, რადგან მის მმართველობას ეწინააღმდეგება.
პედაგოგი ამბობს, რომ მისი საკითხი ორჯერ იყო უკვე გადაცემული საბჭოსთვის. საბჭო კი, სასტიკი საყვედურის გადაწყვეტილებას იღებს. პედაგოგი, რომელსაც სასტიკი საყვედური ორჯერ აქვს გამოცხადებული, თავისუფლდება სამსახურიდან.
ლელა მაზმიშვილის განცხადებით, სკოლაში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა განათლების სამინისტროში ნათია ფხალაძის შესაძლო გადაცდომების შესახებ განცხადება შეიტანა, რასაც სხვა პედაგოგების განცხადებაც მოჰყვა. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის კვლევის შედეგად, დირექტორის გადაცდომები დადასტურდა.
„მან მიიღო ამის შესახებ გაფრთხილება, რის შემდეგაც კიდევ უფრო აგრესიული გახდა და რამდენიმე თვის წინ, დაგვპირდა, რომლის ჩანაწერიც არსებობს, რომ იმ პედაგოგებს, ვინც პრობლემა შევუქმენით, გარანტიას გვაძლევდა, რომ „კისერში გადაგვტეხდა“. ეს ფაქტი დადგა, მან გუშინ ჩამაბარა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. ამ ბრძანებას წინ უძღოდა 12 დღის განმავლობაში ორჯერ ზედიზედ დანიშნული დისციპლინური საბჭოს სხდომა, სადაც წინასწარ იცოდნენ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ“, – განაცხადა მაზმიშვილმა.
მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია განათლების სამინისტრო, ასევე ინფორმაცია მიწოდებულია აუდიტის სამსახურისთვის.
„მისი ცნობილი ტერმინია – „აქ დირექტორი მე ვარ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მინდა“, ამაში ხელი შეეშალა და ამიტომ, ვერ გვპატიობს რამდენიმე პედაგოგს. ახლა მოსწრებაზეა, სურს მოასწროს ჩვენი გათავისუფლება სკოლიდან, თუნდაც იმის ფასად, რომ შეეწიროს ამ საქმეს“ – აცხადებს სკოლის ყოფილი პედაგოგი ლელა მაზმიშვილი.