„მზიურში“ 7x7-ზე საფეხბურთო ტურნირის, „მასტერლიგის“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 7×7-ზე საფეხბურთო ტურნირი – „მასტერლიგა“ (MASTER LEAGUE) ჩატარდება.
პროექტის პრეზენტაცია ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.
„ძალიან საინტერესო ტურნირი იწყება. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, პოპულარიზაცია, ამ ყველაფერში ახალგაზრდების ჩართულობა. ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, ადამიანზე იყოს ადაპტირებული. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი არის ადამიანი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, გამწვანების სამუშაოები, არსებული სკვერების რეაბილიტაცია თუ სხვა. შარშან განვახორციელეთ საპილოტე პროექტი – „მასტერლიგა“ (MASTER LEAGUE), ფეხბურთი 7×7-ზე, რომელშიც ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელი წელი, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, განსხვავებული იქნება. პროექტში მონაწილეობას 12 000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად, მერწმუნეთ, ეს ყველგან და ყველაფერში გამოგადგებათ. ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი. ტურნირის პირველი შეხვედრა 21 აგვისტოს რაჭაში გაიმართება, ხოლო 25 აგვისტოს თბილისში აიღებს სტარტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 7×7-ზე ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონი – 64-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ჩართული. პროექტი, რომლის პარტნიორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.