„მზიურისა“ და კიკვიძის განახლებული პარკები უახლოეს დღეებში გაიხსნება
„მზიურის“ პარკი რამდენიმე დღეში გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. რამდენიმე დღეში მთლიანად დამთავრებული იქნება სამუშაოები და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ერთად გავხსნათ ეს ულამაზესი სივრცე ქალაქის ცენტრში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სრულდება კიკვიძის პარკის რეაბილიტაციაც.
„გარდა ამისა, კიკვიძის პარკში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა, სამუშოები დასასრულს უახლოვდება და ვფიქრობ, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება შესალებლობა, აქაც ჩავატაროთ გახსნითი ღონისძიება და ვაჩვენოთ ხალხს, თუ რამდენად ლამაზი გამოვიდა ეს რეკრეაციული სივრცეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სკვერის რეაბილიტაცია, განახლება, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე ჰქონდეს ჩვენს ქალაქს, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად მწვანე, კომფორტულ გარემოში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.