მზიურის პარკში „გიგის წვენების“ ჯიხური დაუდგენელმა პირებმა უკვე მეორედ გაქურდეს
მზიურის პარკში მდებარე „გიგის წვენების“ ჯიხური ბოლო სამ კვირაში დაუდგენელმა პირებმა უკვე ორჯერ გაქურდეს. ჯიხურის მფლობელის, 15 წლის გიგი ანთაძის განცხადებით, 3 კვირის წინ მას ნავაჭრი თანხა, 70 ლარი უცნობმა პირებმა დახლიდან მოპარეს, ხოლო ერთი კვირის წინ ამავე ჯიხურიდან წვენის საწური აპარატი მოიპარეს.
გიგის თქმით, იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე კამერები არ აყენია, პოლიციისთვის არ მიუმართავს და დაკავებულიც არავინაა.
აღნიშნული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი, როდესაც გიგის დედამ, თამარ გვარიშვილმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე თვის წინ 15 წლის გიგი ანთაძეს ბიზნესსაქმიანობისთვის მზიურის პარკში ჯიხური გადასცა. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გიგი ანთაძეს ცერებრალური დამბლა აქვს, წლებია რუსთაველის გამზირზე, საკუთარი საცხოვრებლის სიახლოვეს სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდდა და გარე ვაჭრობის შესახებ რეგულაციებს შესაძლოა, მისთვის გარკვეული პრობლემები შეექმნა.