მინდა, მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა ახალგაზრდას, ყველა ადამიანს, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს, რომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „მზიური“ ქალაქის თანამედროვე ისტორიისა და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
„ყველას კარგად გვახსოვს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დანერგილი იყო და ყოველდღიურად ხდებოდა. ეს იყო მწვანე არეალების, სპორტული მოედნების მიტაცება და მათ ადგილზე გარკვეული სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დედაქალაქი იყო კიდევ უფრო მწვანე, იყოს კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე, რათა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში, ნორმალურ პირობებში შეძლონ დასვენება, განტვირთვა და, თუნდაც, ვარჯიში.
ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ფართი დავუბრუნეთ მუნიციპალიტეტს, სადაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდა რეკრეაციული სივრცეებისა თუ სპორტული მოედნების სახით. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება დღესაც გრძელდება. თქვენ იცით მზიურის პარკი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცეა და დიდი ისტორიის მატარებელი პარკია. თავის დროზე თბილისისთვის მორიგი ფილტვის გაჩენასა და ვერეს ხეობაში პარკის გაშენებაზე ცნობილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე ბევრს საუბრობდა. იგი თბილისელებს მოუწოდებდა, თითო აგური მიეტანათ ვერეს ხეობაში ოცნების ქალაქის ასაშენებლად, სადაც პატარები ბეთანიიდან მონაბერ სუფთა ჰაერზე დაისვენებდნენ. გარდა იმისა, რომ უნიკალური მწვანე სივრცეა, ამ ქალაქის თანამედროვე ისტორიისა და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
იცით, რომ ორი წლის წინ მოხდა პარკის სრული განახლება და ის ახლა თბილისელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. თუმცა ჩვენ ვერ მოვახერხეთ სრულყოფილად პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რადგან გარკვეული ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან. მინდა, გადაწყვეტილება გავაცნო თბილისელებს — მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია. ეს არის მზიურის პარკის გაყოლებაზე. ეს ტერიტორია დღეს არის ცუდ მდგომარეობაში, რადგან კერძო საკუთრებაში შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა. დედაქალაქის მთავრობაზე საკითხი უკვე გავიტანეთ, გადაიგზავნება საკრებულოში და გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
მინდა, მივულოცო ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია რეკრეაციული სივრცეები, მწვანე არეალები და, განსაკუთრებით, მზიურის პარკი, რომ დამატებით ორ ჰექტრამდე ტერიტორია მიემატება პარკს. ჩვენ დავიწყებთ პროექტის მომზადებას, რომ შემდეგ ეტაპზე განხორციელდეს ისეთივე ლამაზი პროექტი, როგორიც „მზიურის“ შემთხვევაში მოხდა. თბილისელებს ექნებათ უფრო მეტი სივრცე გართობისა და დასვენებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.