მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი მოეწყობა
მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი მოეწყობა, – ამის შესახებ დადექალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მზიურის პარკში უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება.
„მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს და მერიის ყველა სამსახურს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ულამაზესი სივრცე გამოდის ქალაქში. სტიქიის შედეგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ამ მონაკვეთზე. ძალიან მალე ქალაქს ექნება განახლებული მზიურის პარკი, რომელიც ულამაზესია და ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არა მარტო მათთვის.
ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ასევე ვამუშავებთ მედიათეკის პროექტს. გარდა ამისა, ვმუშაობთ საინტერესო პროექტზე – გადასასვლელი ხიდი მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით. საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ, ამაზე დაწყებულია მუშაობა. მედიათეკა და საფეხმავლო ხიდი იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელსაც შევთავაზებთ მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.