მზისგან დამცავი კრემის წასმისას გადამწყვეტ შეცდომას ვუშვებთ - მეცნიერთა გაფრთხილება
მზისგან დამცავი კრემის წასმისას გადამწყვეტ შეცდომას ვუშვებთ - მეცნიერთა გაფრთხილება

როგორც ახალმა კვლევამ დაადგინა, მზისგან დამცავ კრემს უმეტესი ჩვენგანი არასწორად ისვამს და სინამდვილეში, მზისგან მხოლოდ 40 პროცენტით იცავს თავს (SPF).

თითქოს ყველამ იცის, რომ დამცავი კრემის წასმა საჭიროა კანის ყველა მოშიშვლებულ ადგილზე, მაგრამ როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, უმეტესი ჩვენგანი მას საკმარისი სისქით არ ისვამს.

მზისგან დამცავი კრემის ძალიან ადრეული ვერსია ბაზარზე მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა და მისი მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF) მხოლოდ 2-ს შეადგენდა. სამოცი წლის შემდეგ, მეცნიერებმა შექმნეს მზისგან დამცავი სხვადასხვა სახის კრემები, მათ შორის წყალგამძლე, სპრეის სახის, ხანგრძლივად მოქმედი და ზოგიერთი ისეთი, რომლის SPF-ც 100-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ მზისგან დაცვის ტექნოლოგიამ გრძელი გზა განვლო და დაიხვეწა, მისი ეფექტიანობა მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორ წაისვამთ. გასაკვირი კი ის არის, რომ 60 წლის შემდეგაც კი, ადამიანთა უმეტესობა მზისგან დამცავ კრემს არასწორად ისვამს.

ახლახან, ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ როცა მზისგან დამცავ კრემს ჩვეულებრივად ვისვამთ, მისი ეფექტიანობა მხოლოდ 40 პროცენტს შეადგენს და ჩვენი კანი რისკის ქვეშ ექცევა.

„როგორც წესი, ხალხი შედაგად იღებს მზისგან იმაზე გაცილებით ნაკლებ დაცვას, ვიდრე ფიქრობენ. მაგალითად, თუ აიღებთ SPF20 ტიპის კრემს და თხლად წაისვამთ, 0,75 მილიგრამს კვადრატულ სანტიმეტრზე, თქვენი დაცვის დონე ისეთივე დაბალი იქნება, როგორც SPF4 ტიპის კრემის წასმის შემთხვევაში“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლონდონის სამეფო კოლეჯის ექსპერიმენტული ფოტობიოლოგიის პროფესორი ანტონი იანგი.

იდეალური სისქე შეადგენს დაახლოებით 2 მილიგრამს კვადრატულ სანტიმეტრზე, რაც ცოტა არ იყოს, წარმოასდგენად ძნელია. ადამიანთა უმეტესობა ხშირად ამის ნახევარსაც არ ისვამს.

კანის კიბოების უმეტესობა გამოწვეულია ულტრაიისფერი რადიაციის (UVR) მიერ დნმ-ის დაზიანებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მზისგან დაცვას უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

როდესაც საქმე ეხება კანის კიბოს თავიდან აცილებას, მრავალი ექსპერტი შენიშნავდა, რომ სხვაობა SPF 50 და SPF 100 ტიპის მზისგან დამცავ კრემებს შორის უმნიშვნელოა.

მაგრამ როგორც ახალი კვლევა ასკვნის, ასეთი მოსაზრება სიმართლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეესაბამება, როცა მზისგან დამცავი კრემი სწორად არის წასმული, რასაც ბევრი ვერ ახერხებს.

წინა კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ადამიანთა უმეტესობა მზისგან დამცავი კრემის რეკომენდებული დოზის (2 მილიგრამი კანის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე) მხოლოდ მესამედს ისვამს. ეს კი პრობლემაა, რადგან როგორც ახალი კვლევა ასკვნის, მზისგან დაცვის ფაქტორი (SPF) პირდაპირ არის დაკავშირებული კრემის წასმის სისქეზე.

გამომდინარე აქედან, მაღალი SPF-ს მქონე კრემი მზის მავნე რადიაციისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

„ეს კვლევა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 30 ან მეტი SPF-ის მქონე კრემის გამოყენება. თეორიულად, საკმარისი უნდა იყოს SPF15-იც, მაგრამ ვიცით, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭიროა დამატებითი თავდაცვა, რასაც მაღალი SPF-ის მქონე კრემები უკეთ უზრუნველყოფს“, — აღნიშნავს ბრიტანეთის დერმატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინა გოადი.

მზისგან დამცავი კრემის ყოველდღიურობაში ეფექტიანობის გასაზომად, კვლევის ფარგლებში, იმიტაციის გზით წარმოადგინეს, როგორი მზის ქვეშ შეიძლება მოგიხდეთ შვებულების გატარება. გარემო მიმსგავსებული იყო ისეთ პოპულარულ ადგილებს, როგორებიცაა ტენერიფე, ფლორიდა და ბრაზილია.

მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს. თითოეულ მათგანში სამი ქალი და ხუთი კაცი შედიოდა.

ერთმა ჯგუფმა მხოლოდ ერთდღიანი ულტრაიისფერი დასხივება მიიღო კანის იმ ზონებში, სადაც მზისგან დამცავი კრემის სისქე სხვადასხვა იყო.

მეორე ჯგუფი ხუთი დღის განმავლობაში იღებდა ულტრაიისფერ დასხივებას ისე, რომ ყოველდღე ოდნავ სხვადასხვა იყო დასხივების დონე და წასმული კრემის ოდენობა.

ბიოფსიის შედეგად გაირკვა, რომ მეორე ჯგუფის წევრებს დნმ-ის მნიშვნელოვანი დაზიანება აღენიშნებოდათ მაშინ, როცა მზისგან დამცავ კრემს არ ისვამდნენ. ეს ფაქტი სულაც არ ყოფილა გასაკვირი.

მაგრამ ასევე ნათელი გახდა, რომ დიდ სხვაობას იწვევდა წასმული კრემის ოდენობაც. საფრთხე ოდნავ მცირდებოდა, როცა კრემი თხლად იყო წასმული, 0,75 მილიგრამი კვადრატულ სანტიმეტრზე.

თუმცა, იმ ჯგუფშიც კი, რომელმაც ყველაზე მეტი ულტრაიისფერი დასხივება მიიღო, დნმ-ის დაზიანება მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როცა ადამიანები კანის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე 2 მილიგრამ კრემს ისვამდნენ.

საერთო ჯამში, კვლევაში ჩართული იყო ღია კანის მქონე 16 მოხალისე. ამ ტიპის კანი მზის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა რაოდენობა მცირეა, მიღებული შედეგების მნიშვნელობა მაინც ძალიან დიდია.

ასეთმა შედეგებმა მკაფიოდ დაადასტურა ის, რაც ლოგიკური დასკვნაც უნდა იყოს — როდესაც მზისგან დამცავ კრემს სქლად ვისვამთ, მნიშვნელოვნად მცირდება მზისგან დაზიანების შანსი.

მართლაც, ამ კვლევის შედეგები არც თუ ისე შოკისმომგვრელია. როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, ულტრაიისფერი დასხივების მცირე დონესაც კი შეუძლია გამოიწვიოს კანის დაზიანება.

სიახლე ის არის, რომ ამ ახალმა კვლევამ განსაზღვრა კანის დაზიანების ხარისხი, რომლის გამოწვევაც თუნდაც მცირე დოზით ულტრაიისფერ დასხივებას შეუძლია.

როგორც შედეგებმა აჩვენა, თუკი მზისგან დამცავი კრემი გისვიათ, ხუთი დღის განმავლობაში დიდი დოზით ულტრაიისფერი დასხივება გაცილებით ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში მცირე დოზით დასხივება კრემის გარეშე.

„ეჭვგარეშეა, რომ მზისგან დამცავი კრემი მნიშვნელოვნად გიცავთ მზის ულტრაიისფერი სხივების კიბოს გამომწვევი ზემოქმედებისგან. თუმცა, როგორც ამ კვლევამ აჩვენა, მის ეფექტიანობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კრემის წასმის გზა“, — ამბობს იანგი.

კვლევის ავტორები იქვე გვაფრთხილებენ, რომ მზისგან დამცავი კრემიც კი ხშირად არასაკმარისია და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, გვირჩევენ ქუდის ტარებას ან ჩრდილში შეფარებას, სადაც კი შესაძლებელია.

კვლევა ჟურნალ Acta Dermato-Venereologica-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sciencedaily.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.