მზის მაქსიმუმი ახლოვდება — რას ნიშნავს ეს მოვლენა და რა უნდა ვიცოდეთ #1tvმეცნიერება
13:19, 28.04.2023
ახლოს ვართ მზის მომდევნო მაქსიმუმთან, რომელიც 2025 წელს დაიწყება.
მზის მაქსიმუმი წარმოადგენს მზის აქტივობის პიკს, როდესაც ჩვენი მზის მაგნიტური ველი თავის უძლიერეს, ყველაზე მოუწესრიგებელ და დინამიკურ წერტილს აღწევს.
მზის ასეთმა გაზრდილმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ექსტრემალური კოსმოსური ამინდი, მათ შორის, მზის ანთებები და ამოფრქვევები. ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს რადიოკომუნიკაციებს და ელექტროსისტემებს, სერიოზული ზიანი მიაყენოს ასტრონავტთა ჯანმრთელობას.
საფრთხეს უპირველესად წარმოადგენს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურისთვის. ინდივიდუალურ დონეზე, ადამიანები მზის მაქსიმუმის ეფექტებს პირდაპირ თითქმის ვერ ხედავენ.
მზის შემდეგი მაქსიმუმი სავარაუდოდ წინაზე ძლიერი იქნება
როგორც წესი, მზის ციკლი11 წელიწადს გრძელდება და მზის მაქსიმუმი ყოველი ციკლის სადღაც შუაში დგება.
მზის ბოლო მაქსიმუმი 2012-2014 წლებში იდგა და განსაკუთრებით სუსტი იყო, ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბოლო ასი წლის განმავლობაში. შედეგად, კოსმოსური ამინდიც საკმაოდ მშვიდი იყო.
თუმცა, მზის მომავალი მაქსიმუმი, სავარაუდოდ, საშუალო სიმძლავრის იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავლენა ექნება კოსმოსურ ამინდზე და ექნება გარკვეული შედეგებიც.
რას ნიშნავს მზის მაქსიმუმი დედამიწისთვის
მზის აქტივობას განაპირობებს მასში პლაზმის მკვეთრი მოძრაობები, რაც წარმოქმნის და ცვლის მზის მაგნიტურ ველს.
მზის მაგნიტური ველი სიძლიერის პიკს მზის მაქსიმუმისას აღწევს და წარმოქმნის საკმაოდ ბევრ მზის ანთებას და კორონული მასის ამოფრქვევას.
მზის ანთებები შედგება მაღალენერგიული ფოტონების, მაგალითად, რენტგენული სხივებისგან, რაც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში იონიზაციას ზრდის და ხელს უშლის რადიოკომუნიკაციებს.
მეორე მხრივ, კორონული მასის ამოფრქვევები წარმოადგენს მზის მაგნიტური ველისა და მატერიის ამოფრქვევას, რაც გეომაგნიტურ შტორმებს წარმოქმნის. ისინი დედამიწის მაგნიტურ ველს არყევს, რამაც შეიძლება დააზიანოს ელექტრომომარაგების სისტემები.
მზის მაქსიმუმისას დედამიწისკენ ასევე უფრო მეტად მოდის მაღალენერგიულ ნაწილაკთა ჭავლები, რომლებიც მზის მაქსიმუმში დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი წარმოიქმნება, ვიდრე მინიმუმში.
ვინაიდან ასეთ ანთებათა ნაწილაკები რადიაციაა, დიდ რისკს წარმოადგენს ასტრონავტთა და მაღალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების ეკიპაჟის წევრთა ჯანმრთელობისათვის. ასევე, შეიძლება გამოიწვიოს კოსმოსური ტექნიკის დაზიანება და თანამგზავრთა დაკარგვა.
ეფექტთა უმეტესობას ჩვენ ვერც კი შევნიშნავთ
მზის მაქსიმუმის ბევრი ეფექტი ხანმოკლეა, რაც ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს კოსმოსური ამინდის შესწავლაში.
მაგალითად, ხშირად ძნელია, ელექტროსისტემაში არსებული პრობლემა კოსმოსურ ამინდს დაუკავშირო — იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მიზეზი სწორედ კოსმოსური ამინდია.
ერთ-ერთი კონკრეტული ეფექტი, რომლის გადაჭრით პროგნოზირებაც შესაძლებელია, არის პოლარული ციალი, იგივე ჩრდილოეთის და სამხრეთის ციალი, რომელიც მზის მაქსიმუმის დროს უფრო ხშირად ხდება და საკმაოდ მძლავრადაც.
მზის მაქსიმუმის დროს, მზის უფრო მეტი ნაწილაკი ურთიერთქმედებს დედამიწის ატმოსფეროს მოლეკულებთან და წარმოქმნის კაშკაშა პოლარულ ციალს, რომელიც საკმაოდ შორს, დაბალ განედებამდე აღწევს.
ტექნოლოგიებზე და კოსმოსზე ჩვენი დამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება, რაც კოსმოსურ ამინდს უფრო დიდ რისკად აქცევს.
საფრთხე, რომელსაც მზის მაქსიმუმი ელექტროსისტემას უქმნის, ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, მაგრამ ყველაფერი მაინც ალბათობაზეა. ძლიერი მზის ციკლი ექსტრემალური კოსმოსური ამინდის უბრალოდ დიდ ალბათობას ნიშნავს და სულაც არ არის მისი გარანტია.