მზეზე წარმოუდგენლად მასშტაბური ამოფრქვევა მოხდა.
14 დეკემბერს, მზის აქტიური ლაქის რეგიონმა, სახელად AR 3514, X2.8 კლასის მზის ანთება ამოაფრქვია; ეს გახლავთ ამოფრქვევის ყველაზე ძლიერი კატეგორია, რაც კი ჩვენს ვარსკვლავს ძალუძს. ამოფრქვევა ყველაზე ძლიერი იყო მზის ამჟამინდელ ციკლში და ყველაზე მძლავრი 2017 წლის სექტემბრის შემდეგ.
მოვლენამ სამხრეთ ამერიკის თავზე რადიოსიგნალთა საშუალო დონის ჩახშობა გამოიწვია — მაღალი სიხშირის რადიოსიგნალთა დროებითი დეგრადაცია ან სრული ჩახშობა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში.
ამავე დროს, მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევაც (CME) მოხდა; ამ მოვლენის დროს, მზე თავის სისტემაში მილიარდობით ტონა პლაზმას და მაგნიტურ ველს გამოტყორცნის და მზის ეს ნაწილაკები გზადაგზა შემხვედრ ყველა ობიექტს ეცემიან.
ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება დედამიწამდეც მოაღწიოს. აშშ-ის ატმოსფეროსა და ოკეანის ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) ამჟამად იკვლევს, შეიძლება თუ არა, რომ ამ მოვლენამ დედამიწაზე საშუალო მასშტაბის გეომაგნიტური შტორმი გამოიწვიოს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამოფრქვევა მძლავრი იყო, ის პირდაპირ დედამიწისკენ კი არ იყო მომართული, არამედ ოდნავ სხვა მხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკადმა ჩვენს პლანეტას შეიძლება სულაც არ დაარტყას. ანალიზები ამჟამად მიმდინარეობს და თუ აღმოჩნდა, რომ ამოფრქვევა დედამიწისკენ მოდის, ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ოფისის მონაცემებით, 17 დეკემბერს უნდა მოაღწიოს, რამაც შეიძლება, მცირე გეომაგნიტური შტორმი გამოიწვიოს.
იქამდე შეიძლება სხვა აქტივობებიც ვნახოთ. NOAA-ს მონაცემებით, დედამიწამდე ჯერ 13 დეკემბერს მომხდარი სუსტი კორონალური მასის ამოფრქვევა მოაღწევს.
გეომაგნიტური შტორმი მაშინ ხდება, როცა მზის ნაწილაკთა ნაკადი დედამიწის მაგნიტურ ველს ურტყამს. ვინაიდან ამ ნაწილაკთა აქ მოსვლას გარკვეული დრო სჭირდება, შტორმი კორონალური მასის ამოფრქვევიდან რამდენიმე დღეში ხდება.
ამ მოვლენას რამდენიმე ეფექტი აქვს, რომლებიც შტორმის სიძლიერეზეა დამოკიდებული. არსებობს ხუთი დონე, რომელთაგან G1 და G2 მცირე და საშუალო შტორმია, G5 კი ყველაზე ძლიერი.
როდესაც მზის ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებს, წარმოიქმნება ელექტროდენი, რამაც შეიძლება ელექტროსისტემას ხელი შეუშალოს და დაზიანებები გამოიწვიოს. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები დედამიწის ქვედა ორბიტაზე, სადაც მრავალი თანამგზავრი მოძრაობს. შედეგად, შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთი თანამგზავრის კურსის კორექცია. ასევე შეიძლება მოხდეს ხარვეზები რადიოკომუნიკაციებში.
და კიდევ, ამ დროს განსაკუთრებით მძლავრი და შთამბეჭდავია პოლარული ციალი. ციალის აქტივობის პროგნოზისთვის Kp ინდექსს იყენებენ.
NOAA-ს პროგნოზით, გეომაგნიტური აქტივობა Kp5 ინდექსს 15 და 16 დეკემბერს მიაღწევს. შედეგად, მაღალ განედებზე მოსალოდნელია კაშკაშა პოლარული ციალი. პროგნოზის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
მზის ასეთი აქტივობა საკმაოდ ნორმალურია. ჩვენი ვარსკვლავი ამჟამად თავის 11-წლიანი ციკლის პიკს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ უფრო მეტ მზის ლაქას, ამოფრქვევას თუ კორონალური მასის ამოფრქვევას. ჯერ ზუსტად არ ვიცით, როდის დადგება მზის მაქსიმუმი, მაგრამ ამჟამინდელი პროგნოზით, ეს 2024 წლის იანვრის დასაწყისში უნდა მოხდეს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.