საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა ფიცის დადებისთვის ემზადება. 26 მაისს 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან, წვრთნისა და შეფასების ცენტრის JTEC (CTC) ინსტრუქტორთა შემადგენლობა, DRILL სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის – “საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში” (GDRP) მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების ექვსი კოლოფი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კოლოფი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ სამხედრო ფორმებით მიიღებს მონაწილეობას.
დღესვე, რეპეტიცია გაიარა ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა და სარიტუალო ასეულმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა. გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლადშეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა “ჯაველინი“. მოედანზე ასევე, წარმოდგენილი იქნება: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, “ჩინგორი“, “დიდგორი”, “ლაზიკა”, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, “ჰამერი”, RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.
ამასთან, სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება სხვა ქალაქებშიც – თელავი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ამბროლაური და საჩხერე.