Myvideo.ge პირველი არხის სიგნალს ე.წ. პირატული გზით ავრცელებს
პირველი არხი განცხადებას ავრცელებს Myvideo.ge-ს პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, კომპანია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების შესრულებას არ აპირებს.
პირველი არხის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საკუთარ პლატფორმებზე (ტელევიზია, ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია)ფლობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მატჩების მაღალი ხარისხით ტრანსლირებას მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შესაძლებელი საშუალებით (სატელიტი,ტერესტრიალური მაუწყებლობა, IPTV, Webდა სხვა). შესაბამისად, ლოგიკას მოკლებულია სს „აი თი დი სის“ საკუთრებაში არსებული პორტალის myvideo.ge-ს პოზიცია, იდავოს იმ პროდუქციის ტრანზიტზე, რომელზეც ლიცენზია მას არ ეკუთვნის. უფრო მეტიც, ამ აბსურდულ ინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია და ემსახურება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და myvideo.ge-ს შორის არაერთი მოლაპარაკება გაიმართა. სამწუხაროდ, კომპანიამ უგულვებელყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა მოთხოვნა და კვლავ აგრძელებს ე.წ. პირატულ ტრანზიტს.
FIFA-ს რეგულაციების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე განახორციელოს ჩემპიონატის ტრანსლაცია, ამავდროულად დაემორჩილოს კონტრაქტით ნაკისრ მკაცრ ვალდებულებებს (ტრანსლაციის ფარგლებში რეკლამის განთავსება, საქართველოს გარეთ სიგნალის გადაცემის შეზღუდვა (Geoblocking) და ა.შ.).
აღნიშნული საკითხის შესახებ არსებობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, Myvideo.ge-მ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზიტი გაურკვეველი წყაროდან, განახორციელოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალის ტრანზიტი (შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ) მოდიფიცირების გარეშე, უცვლელად, რადგან პირველი არხი თავად განსაზღვრავს სხვადასხვა პლატფორმაზე საკუთარი კონტენტის მიწოდების პირობებს არადისკრიმაციული მიდგომის პრინციპის დაცვით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, დაიცვას მაყურებლის უფლება, შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორებთან ნაკისრი ვალდებულებები, იზრუნოს ქვეყნის იმიჯზე და უზრუნველყოს ე.წ. პირატული გზებით ექსკლუზიური პროდუქტის უკანონო და არამართლზომიერი ფაქტების აღმოფხვრა“, – ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.
კომპანია Myvideo.ge-ს წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია დღეს გამართეს და განაცხადეს, რომ პირველი და მეორე არხების გათიშვასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ და სასამართლოს მიმართავენ.