საქართველო მწეველთა რაოდენობის მიხედვით, ევროპაში, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა, მსოფლიოში მე-6 ადგილზე. მონაცემები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას ეყრდნობა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის, 6 მილიონი მწეველია, მილიონი – არამწეველი.
თამბაქოს მოხმარების მხრივ, ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: მწეველები, არამწეველები და ყოფილი მწეველები. ჩვენ სამივე კატეგორიის ადამიანები შევკრიბეთ და ინტერვიუები ჩავწერეთ. ვნახოთ, როგორია მათი დამოკიდებულება თამბაქოს მოხმარების მიმართ.
რას ჰყვებიან არამწეველები
რუსუდან გოცირიძე, 43 წლის, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი:
ვფიქრობ, რომ მოწევა რაღაც სტატუსთან არის დაკავშირებული. ადამიანების უმრავლესობა მოწევას იწყებს იმ ასაკში, როცა უნდათ დიდები იყვნენ და მათი დიდობა სხვებმაც აღიარონ. როცა დამოუკიდებლად უნდათ გადადგან ნაბიჯები.
როგორც წესი, სიგარეტის მოწევა არის ჩვევა, რომლის მსგავსიც, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი გვაქვს ადამიანებს. უბრალოდ, არ ვაქცევთ ყურადღებას სხვა ჩვევებს, რადგანაც ისე არ ვნებენ ჩვენს ჯანმრთელობას, როგორც მოწევა.
ახლა გავიხსენე ყველა ჩემი აკვიატებული ჩვევა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი სულაც არ არის, მაგრამ ძალიან გამიჭირდებოდა მათთან შელევა, თუ დაადგენენ, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ეწევიან ისე, რომ არ ადარდებთ გარშემო მყოფი ადამიანების დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა, ეს დაუდევრობა მაღიზიანებს. მაღიზიანებს ტაქსის მძღოლი, თანამეინახე, ლექტორი, თანამშრომელი, რომელიც სიგარეტს სიგარეტზე ეწევა და არ კითხულობს, წუხდება თუ არა ვინმე. გარდა ემოციური რეაქციისა, ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს, რომ ტოლერანტული ვიყო მწეველების მიმართ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ როცა ზრდილობიანად იკითხავენ ხოლმე, შემიძლია ხველასაც გავუძლო და არც გავბრაზდე.
მე მკაცრ პროტესტანტულ რელიგიურ ოჯახში გავიზარდე და სიგარეტისადმი აუტანლობა დედის რძესთან ერთად შევითვისე. მამაჩემი იყო მწეველი და როგორც კი ორი სიტყვის ერთად თქმა შევძელი, ეს მასწავლა თურმე დედამ – “ცუდი ბიჭები წევს პაპიროსი!” …. და ეს ფრაზა დღემდე არ აქტუალურია.
ერთხელ მოვიწადინე მეც გამეგო სიგარეტის გემო. მახსოვს, მაშინ სამსახურიდან წამოვედი, პროტესტის ნიშნად. მერე თმა შევიჭერი და … მოკლედ, მაგარი გოგო მეგონა თავი. აი, სწორედ მაშინ გამიჩნდა სიგარეტის მოწევის სურვილი. მოვწიე კიდევ, მაგრამ მეორე დღეს წნევა ისე დამივარდა, აღარ მესინჯებოდა.
ადამიანი დამოკიდებული თუ არის სიგარეტზე, მაშინ ეს ძალიან რთული ამბავია. ჩვენ, რატომღაც ზერელედ ვუყურებთ ხოლმე დამოკიდებულებებს. გვგონია, რომ ადამიანმა უბრალოდ უნდა მოიწადინოს და ყველაფერი მარტივად მოხდება. ამიტომ არის, რომ ყველა ტიპის დამოკიდებულებების მიმართ მსაჯულის განწყობა გვაქვს.
ხოლო, თუ ეს დამოკიდებულება კი არა, არამედ ჩვევაა, მაშინ უბრალოდ, საკმარისია კარგი მოტივატორი და ერთ დღეში შეუძლია ადამიანს უარი თქვას თამბაქოზე. 40-წლიანი სტაჟის მქონე მამაჩემმა მიატოვა სიგარეტი ერთ დღეს და მას მერე თითი არ დაუკარებია, უკვე ბევრი წელია.
შოთა ადამაშვილი, 30 წლის, მუსიკოსი:
ვფიქრობ, მოწევის მიზეზი ყველას ერთი არ აქვს. მამაჩემს უძილობა აწუხებდა. ერთ მწეველ გოგოს ვხვდებოდი და მითხრა, სულ მინდოდა ისეთი ქალის იმიჯი მქონოდა, „ვილისს“ რომ ატარებს და Marlboro-ს ეწევაო. მგონია, რომ სიგარეტის მოწევას ნერვული აშლილობის ნიადაგზე ბევრი იწყებს.
სამი წელია კარაოკეს წამყვანად ვმუშაობ და კვამლიან ბარში მუშაობა მაგრად მტანჯავს, ამიტომაც ვანებებ თავს ამ სამსახურს. თუმცა წლებია, ცოცხალი მუსიკის შესრულებით ვარ დაკავებული, რაც ჩემი მთავარი საქმიანობაა და თუკი 1-ელი მაისიდან დახურულ სივრცეში მოწევას მართლა წერტილს დაუსვამენ, ბედნიერი ვიქნები.
ჩემი არამწეველობა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი – ბავშვობიდან გაცნობიერებული მქონდა სიგარეტის მავნებლობა; მეორე – დედაჩემისთვის მიცემული პირობა იყო, რომ არასოდეს მოვწევდი და მესამე ის არის, რომ გამასინჯეს პატარაობაში და საშინელი გემო ჰქონდა. საერთოდ, კვამლიანს ვერაფერს ვიტან.
მწეველების ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. არაერთი ურთიერთსაპირისპირო პასუხი მიმიღია მათგან: რომ მოვინდომო, ადვილად დავანებებ და ასეც მოვქცეულვარ, უბრალოდ მომწონსო; ვცადე და ვერ დავანებეო. ჩემთვის მთავარია, მე და სხვა არამწეველებს გვცენ პატივი და იგნორანტული დამოკიდებულება არ ჰქონდეთ, როცა ერთ სივრცეში ვართ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია.
გაგა გვენეტაძე, 24 წლის, ფსიქოლოგი:
რიგ შემთხვევაში მოწევა მიმბაძველობით იწყება, ასევე სტრესის მოხსნის მიზნით. ხშირად მსმენია, რომ თავისუფალი დროს გაყვანის კარგი საშუალებაა ან ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდის ქონის მოთხოვნილება.- მაგ. სამსახურში თანამშრომლები მოსაწევად გადიან და თანამშრომელი, რომელიც არ ეწევა და სურს, რომ ჯგუფის წევრად იგრძნოს თავი, უერთდება მწეველთა ჯგუფს და ხდება მწეველი.
ჩემთვის დისკომფორტთან ასოცირდება მწეველად ყოფნა. როდესაც ადამიანი ფსიქოლოგიურად მიჯაჭვულია სიგარეტზე, საკმაოდ რთულია მისი ჩანაცვლება ან მასზე უარის თქმა. თუმცა, როდესაც ბიძაჩემმა გაიგო, რომ ბავშვს ელოდებოდა, იმ დღეს თქვა სიგარეტზე უარი და 13 წელია აღარ მოუწევია, მანამდე 15 წელი ეწეოდა. ალბათ, მოტივაციაზეცაა დამოკიდებული.
კარლო ლობჟანიძე, 24 წლის, მაშველი:
ვფიქრობ, ნამდვილი მწეველი ადამიანი სიგარეტში შვებას პოულობს. პირადად მე თამბაქო არ მიქმნის დისკომფორტს, მაგრამ ბევრ ადამიანს უქმნის. აქედან გამომდინარე, ვეთანხმები იმ აზრს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში უნდა აიკრძალოს მოწევა.
აქტიურად ვვარჯიშობ და ჩემი ორგანიზმი არ იღებს თამბაქოს, აქედან გამომდინარე, არ გავხდი მწეველი. ჩემი აზრით, თამბაქოზე უარის თქმა არ არის მარტივი, რადგან ხშირად მსმენია, უშედეგო მცდელობის შესახებ.
იუნა შაფათავა, 41 წლის, მსახიობი:
მოწევას იწყებენ გასასინჯად. ზოგი მოზარდობის ასაკში, “მაგრობისთვის”. მერე ორგანიზმი ეჩვევა თამბაქოს და ჩვევა ხდება. ზოგი კომპლექსის გამო, ზოგს “სვეტობა” ჰგონია. 80 წლის წინ, როცა ბრიჯიტ ბარდო და მარლენ დიტრიხი ეწეოდნენ, „სვეტობა“ იყო, მაგრამ დრო იცვლება.
კვამლის სუნი „ჯდება“ კედლებში, ავეჯში, გხუთავს. შეუძლებელია მწეველთან ძილი, თავი მტკივდება. მომღერლობა მინდოდა და მოსაწევად ტუალეტში გასვლა არ მინდოდა და არც იმის დრო მქონდა, მოწევისას ბიჭებზე და შამპუნებზე მელაპარაკა.
პრინციპში, ყველა ისე ცხოვრობს, როგორც ურჩევნია. მოწიოს გარეთ, თუ სხვას არ აწუხებს. ფრანგებიმოწევაზე აკრძალვას დასცინიან. Fumer tue La vie aussi – ამბობენ ფრანგები, რაც ასე ითარგმნება: მოწევა კლავს, ცხოვრებაც ასევე (კლავს). Fumer tue (მოწევა კლავს) აწერია საფრანგეთში სიგარეტის კოლოფებს. ამერიკაში, სადაც ვარ, ძველი თაობა ჯერ კიდევ ეწევა. მათ დროს ეს მოდაში იყო. ზოგი გადაეწყო, ზოგი – ვერ. No judgement – არ განსაჯო, როგორც აქ ამბობენ.
შენობა-რესტორნებში არავინ ეწევა. ბევრი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოწევა აკრძალულია. ცალკე მწეველთა ბარებია, მხოლოდ იქ თხოვნაა, მარიხუანა არ მოწიონ შენობაში. ეს კანონით ისჯება.
ია ანთაძე, 58 წლის, პირველი არხის პროექტის „საინტერესო ადამიანები“ ხელმძღვანელი:
როგორც თავად ამბობენ, ადამიანები ეწევიან სხვადასხვა მიზეზით. ჩამოთვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს. მე ვფიქრობ, მავნე ჩვევაა, რაც ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს, სხვადასხვა გამოვლინებით. პირადად მე თამბაქოს სუნი არ მაწუხებს, მაგრამ ვიცი, რომ მავნეა ჩემი ჯანმრთელობისთვის. მწეველი არ გავხდი, რადგან ვაკეთებ იმას, რაც მაინტერესებს და არა იმას, რასაც ადამიანები ჩემგან ელოდებიან (ჩემი მეგობრების უმრავლესობა ეწეოდა). ნებისმიერი დამოკიდებულების შეწყვეტა ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია – ამას ამბობს მეცნიერებაც და პრაქტიკაც.
რას ჰყვებიან ყოფილი მწეველები
ანანო ასპანიძე, 26 წლის, პროგრამისტი
მოწევა დავიწყე 17 წლისამ. მომწონდა ხელში სიგარეტის ჭერა. უფრო, სოციალური ჩვევა იყო, ვიდრე ნიკოტინის თემა. ვეწეოდი 5 წელი, შესვენებებითაც.
არასოდეს შევუწუხებივარ. ყელი ამტკივდა ახლახან და თან ვიფიქრე, რომ დრო მეკარგებოდა. მომბეზრდა, ფული და დრო დამენანა, ჯანმრთელობის თემაც იყო.
უბრალოდ ავდექი და თავი დავანებე. არაფერი განსაკუთრებული. ნახევარი წელია აღარ ვეწევი.
მაკა გაფრინდაშილი, 35 წლის, ჟურნალისტი:
თამბაქოს მოწევა სტუდენტობის დროს დავიწყე. ვეწეოდი 20 წელი, შეუსვენებლად. მიზეზი – მომწონდა ძალიან. მომწონდა მოწევის პროცესი, ჟესტი, საკუთარი მანერა. ვეწეოდი მარცხენა ხელით.
არასდროს შევუწუხებივარ, მაგრამ ლარინგოსკოპია დამჭირდა და აღმოჩნდა, რომ მოწევის გაგრძელება შემაწუხებდა, ანუ, შემიქმნიდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თავი დავანებე ერთი ხელის მოსმით! მიზეზი— სიკვდილის შიში. ძალიან შემეშინდა. 2,5 წელია აღარ ვეწევი. უკვე აღარ მეშინია და ხანდახან გავსინჯავ ხოლმე, მაგრამ ესთეტიკურად აღარ მსიამოვნებს და არ მინდება დავუბრუნდე სიგარეტს.
რაც შეეხება რჩევას, მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია – თუ ისე მოგწონთ მოწევა, როგორც მე მომწონდა, მოწიეთ, მაგრამ ძალიან იშვიათად და არასოდეს – შენობაში.
დათო თევზაძე, 28 წლის, ოპერატორი:
ვეწეოდი დაახლოებით 8-9 წელი. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ სავარაუდოდ იმიტომ დავიწყე, რომ ირგვლივ ყველა ეწეოდა. მალევე მივხვდი რომ მაწუხებდა, მაგრამ თავს ვერ ვანებებდი. საბოლოოდ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. გადავწყვიტე, რომ თავი უნდა დამენებებინა. დიდხანს ვცდილობდი დანებებას. სულ დაღლილი ვიყავი, სუნთქვა მიჭირდა, ყველაფერმა გემო დაკარგა.
ერთ დღესაც მივედი ექიმთან, ყელის ტკივილით. აღმოჩნდა, რომ ოპერაცია მჭირდებოდა და მოწევას თავი ოპერაციის დღეს დავანებე. ეს კარგი მიზეზი აღმოჩნდა. უკვე ორი წელია მწეველი აღარ ვარ.
გურამ შეროზია, 29 წლის, ბლოგერი:
მოწევა თინეიჯერობის დროს დავიწყე, ტენდენციას ავყევი. მერე კარგად შევჯექი, უფრო რიტუალის დონეზე, ორგანიზმი არასდროს მთხოვდა მოწევას, ემოციურად ვიყავი მიჯაჭვული. 12 წელი ვეწეოდი.
თამბაქოს არ შევუწუხებივარ, უბრალოდ მომინდა, რომ უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესზე გადავსულიყავი, მეტი მევარჯიშა, თან ორსულ ცოლს სოლიდარობა გამოვუცხადე, თან საკუთარ თავს პირობა მივეცი. იმ ფაქტმაც იმოქმედა, რომ მაისიდან მოსაწევი ადგილები უნდა შეიზღუდოს, ანუ პლუს დისკომფორტი ავირიდე თავიდან.
თითქმის 6 თვეა აღარ ვეწევი და ზუსტად ვიცი, არასდროს დავუბრუნდები, რამდენიმე თვით ადრე დავთქვი თარიღი, წინასწარ ბევრჯერ გავამხნევე თავი და მოკლედ, სრულიად გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება.
ყველაზე ეფექტური გზაა საკუთარ თავზე ზემოქმედება და ნებისყოფა. ჩანაცვლებაც მარტივია: წყლით, ვარჯიშით, მეტი დატვირთვით. არც ჰაერზე გასვლას სჭირდება მიზეზი, არც ყავის დალევას, მთავარია სწორი გააზრება და ცოტაოდენი თავმოყვარეობაც – როცა პირობას დებ, უნდა შეასრულო კიდეც.
მაკა დანიელოვა, 26 წლის, მარკეტოლოგი:
მოწევა 17-18 წლის ასაკში დავიწყე და 25 წლის ასაკში შევეშვი. სკოლაში მეგობრებთან ერთად, მერე სამსახურში ჟურნალისტებთან, მერე სხვა სამსახურში მარკეტოლოგებთან, მერე კიდევ სხვა სამსახურში დიზაინერებთან. მოკლედ მოწევას რაღაც სოციალური დანიშნულება ჰქონდა, ყველა საქმე სიგარეტით ხელში კეთდებოდა. საერთოდ არ მაწუხებდა, პირიქით, ძალიან მსიამოვნებდა, ბროდსკის სიტყვებსაც ვიმეორებდი: „მაიმუნმა ხელში ჯოხი აიღო და გახდა ადამიანი, ადამიანმა სიგარეტს მოუკიდა და გახდა პოეტი“… საშინლად ვბრაზდებოდი, როცა სიგარეტის მოწევას ზღუდავდნენ, აგრესიულიც კი ვხდებოდი, რას ჰქვია აქ არ ეწევიან?! და ა. შ.
მერე გადავედი ისრაელში საცხოვრებლად. აქ ძალიან ძვირია ეს სიამოვნება და იძულებული გავხდი დამენებებინა. 3 წელია აღარ ვეწევი და ცოტა სხვანაირად ვუყურებ ახლა. ალბათ, ფინანსური გარე ფაქტორი რომ არა, მოწევას არასდროს დავანებებდი თავს.
გარდა იმისა, რომ ისრაელში სიგარეტი ძვირია, გიძვირდება სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, გიგზავნიან მოწვევებს, რომ სიგარეტის დანებების ვორქშოპებს დაესწრო და ა.შ.
საკუთარ თავს ვატყობ, როგორ გამიუმჯობესდა ჯანმრთელობა, ბევრად იშვიათად ვარ ავად, შემიძლია ისე გავეკიდო ავტობუსს, რომ მერე ქოშინით არ მოვკვდე.
და საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს მავნე ჩვევა მოვიშორე. თუმცა თითქმის შეუძლებელი მგონია თბილისში ცხოვრებისას, როცა ამ ქალაქში თამბაქო ასეთი ხელმისაწვდომია და თან ყავას ასე ძალიან უხდება.
ლევან ახალაია, 34 წლის, ჟურნალისტი:
მოწევა დავიწყე სკოლის ასაკში. ახლა რომ ვფიქრობ, უფრო გართობა იყო, უფროსკლასელების მიბაძვა. მერე გოგოებთან “მარიაჟობა”. უნივერსიტეტში უკვე სერიოზულად ვეწეოდი. ერთი პერიოდი მომწონდა კიდეც. სუნი და გემო სიგარეტის სასიამოვნო იყო, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ან ყავასთან ერთად.
6 წლის წინ თამბაქოს შევეშვი, მაშინ 28 წლის ვიყავი. ერთი წელი გავძელი, მერე ისევ დავიწყე. უფრო სოციალური მწეველი ვიყავი. აი, კაფეში, „კურილკაში“ რომ ეწევიან ხოლმე, ხალხთან კომუნიკაციის მიზნით.
საბოლოოდ, 3 წლის წინ დავრწმუნდი, რომ სიგარეტის გარეშეც ისე ვიქნები, როგორც სიგარეტით. ამის გააზრების შემდეგ უკვე 3 წელია არ მომიწევია.
რჩევას რაც შეეხება, ჩემი აზრით, მთავარია, შთაგონება. წარმოიდგინეთ, რა დაგაკლდებათ მოწევით, რატომ ვერ ანებებთ. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ სიგარეტის მოწევის გასამართლებელი ყველა მიზეზი საფუძველს მოკლებულია და თქვენივე გამოგონილი ფანტაზიის ნაყოფი. სწორედ ამის შემდეგ, გადააგდეთ სიგარეტის კოლოფი და უბრალოდ აღარ მოწიოთ.
რას ჰყვებიან მწეველები
ირაკლი დავითიძე, 30 წლის, მეხანძრე-მაშველი:
მოწევა ადრეულ ასაკში დავიწყე, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. ყველასგან მალულად ვეწეოდი, საპირფარეშოებში, კონცერტებზე, ეზოებში.
ვფიქრობდი, თუ ეწეოდი, კარგი ბიჭი იყავი. მაშინ ასეთი მენტალიტეტი იყო ჩემს თანატოლებში.
ზუსტად 15 წელია რაც ვეწევი, თავის დანებება მხოლოდ ერთხელ ვცადე, შევძელი და დანებებულიც მქონდა, ორი კვირით. თუმცა ის მითი, რომ რამდენიმე დღე გიჭირს და მერე მოწევა აღარ გინდება, არ გამართლდა. ამ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე მინდოდა მოწევა. ყურადღება მზესუმზირით გადამქონდა.
ბევრი ვიდეორგოლი მინახავს, ბევრიც წამიკითხავს, როგორი ცუდია, როცა მწეველი ხარ, ამიტომ ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დღეს ავდგები და სამუდამოდ გავთავისუფლდები ამ მავნე ჩვევისგან.
დათა გვასალია, 22 წლის, ფილოლოგი:
მოწევა ადრეულ ასაკში დავიწყე, მაშინ “ქუჩის აკადემია” მიზიდავდა და ჩავთვალე, რომ სიგარეტი იყო ერთ-ერთი “ატრიბუტი” და საშვი ამ აკადემიის. წლები გავიდა და მოხდა ისე, რომ სიგარეტი უფრო მეტად შთაგონების დამხმარე ატრიბუტად გადაიქცა, ჩემს ცნობიერებაში უხდებოდა პოეზიას და ლექსის წერის პროცესს. თავის დანებება მიცდია, ოღონდ გულის სიღრმეში არასდროს მდომებია. ეს მცდელობა ჰგავდა ადამიანის მოქმედებას, რომელსაც მიზანი არ აქვს და განწირულია. დარწმუნებული ვარ, რომ დავანებებ იმ შემთხვევაში, თუ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი მექნება საამისოდ. მთავარია, სასწორის მეორე მხარე უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ჩემი პირადი კომფორტის შეგრძნებაა.
ნინო მჭედლიშვილი, 41 წლის, ჟურნალისტი:
უნივერსიტეტში ყველა ეწეოდა და გოგოებთან ერთად მეც ვეწეოდი. სამწუხაროდ, უკვე 22 წელია მწეველი ვარ, ერთხელ ვცადე თავის დანებება და გამომივიდა. მაშინ კარგი მიზეზი მქონდა, ფეხმძიმედ ვიყავი… შვილისთვის რას არ გააკეთებ. ახლაც მინდა, მაგრამ უკვე ნებისყოფის პრობლემაა, არც ვცდილობ. ჯანმრთელობას და ფულს ერთდროულად ვღუპავ, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა… ჯერ კარგად ვერ გავაცნობიერე, თორემ შეუძლებელი არაფერია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას თუ დავეყრდნობით, 2030 წლისთვის მსოფლიოში თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს; ყოველ 4 წამში დაიღუპება ერთი ადამიანი. თუ მსოფლიოში თამბაქოს სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10% უკავშირდება, საქართველოში ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს.
#მოწევაკლავს #საქართველოთამბაქოსგარეშე