მწერლების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“.
უწყების ცნობით, კონკურსისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს და მისი მიზანია ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა, თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალი გამოცემების ხელშეწყობის გზით.
„აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მოცემული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 23 პროექტი (გამოიცა 23 წიგნი), თუმცა, გასულ წელს, კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ გამომცემლებს შეეძლოთ. წელს კი კონკურსის არეალი გაფართოვდა და მასში, გამომცემლების გარდა, ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. კერძოდ, ახალი კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს – ქართველ ავტორებს, გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს. აღნიშნულ სფეროში იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის წარმოდგენა.
უპირატესობა შესაძლოა, მიენიჭოს იმ პროექტს/პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებენ სალიტერატურო სფეროში მოღვაწე ავტორთა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით წიგნის გამოცემას, მათი შემოქმედების წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 27 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 877 816 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 20 მაისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: დაფინანსების წესი; ფორმულარები; საკონკურსო პირობები.