მწერალთა სახლში 17-21 მაისს მე-5 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება, – ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ხუთი დღის განმავლობაში მწერალთა სახლი სივრცეს დაუთმობს ლიტერატურულ და საგანმანათლებლო საღამოებსა და დისკუსიებს. ფესტივალის სტუმრები იქნებიან მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, პოლონეთიდან, მაკედონიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.
როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ეწვევა 19 ავტორი 15 ქვეყნიდან, რომელთა შორის არიან: მაიკლ პალმერი (აშშ); იუჯინ ოსტაშევსკი (აშშ); მელანია მაცუკო (იტალია); ვალჟინა მორტი (ბელარუსი); ლინდა მარია ბაროსი (საფრანგეთი); ლევ რუბინშტეინი (რუსეთი); მანფრედ ხობოტი (ავსტრია).
„ფესტივალის მთავარი თემაა ლიტერატურის ორი პოლუსი და გაორება. გარდა საერთაშორისო პროგრამისა, ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული პროგრამაც, სადაც ათი ქართველი ავტორი მოგვითხრობს საკუთარ ლიტერატურულ მისტიფიკაციებზე. ფესტივალზე რამდენიმე მისტიფიკატორის ვინაობა გამოვლინდება. ისინი სწორედ ფესტივალის დღეებში გაგვიმხელენ პირველად საკუთარი ლიტერატურული მეორე „მე“-ს არსებობის შესახებ“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.
მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციას უძღვებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან დუმბაძე, დედაქალაქის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი და მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ფესტივალის პარტნიორი საელჩოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.