მუზეუმების საერთაშორისო დღე წელს ციფრულ ფორმატში აღინიშნება, საქართველოს მუზეუმები ონლაინღონისძიებებს გამართავენ
18 მაისს მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც 1977 წლიდან, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით ტარდება და მასში მსოფლიოს ათიათასობით მუზეუმი მონაწილეობს.
2020 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები თანასწორობისთვის: „მრავალფეროვნება და ინკლუზია“.
როგორც „ICOM საქართველოში“ აღნიშნავენ, მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, წელს მუზეუმების საერთაშორისო დღე ციფრულ ფორმატში აღინიშნება.
„რადგან ეპიდემიით გამოწვეული იზოლაციის გამო მუზეუმებს საკუთარ აუდიტორიასთან წვდომა შეზღუდული აქვთ, მსოფლიოს ბევრმა მუზეუმმა აქტიურად გამოიყენა სოციალური მედია და ვებგვერდები საკუთარი კოლექციებისა და გამოფენების ინტერნეტსივრცეში დემონსტრირებისათვის.
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, 25 მაისამდე, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი ციფრულ ფორმატში არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებას ჩაატარებს“, – აღნიშნულია „ICOM საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ICOM საქართველო“ ასევე ავრცელებს საქართველოს მუზეუმებისა და სხვა ღონისძიებების პროგრამას.