მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შესაძლოა, გირაოთი შეეცვალოს
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შესაძლოა, გირაოთი შეეცვალოს. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჩაბუქის საკითხს განიხილავენ, პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა ჩაბუქის საექსტრადიციო პატიმრობის 10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ჩაბუქის წინასაექსტრადაციო პატიმრობის ვადა 23 თებერვალს იწურება და შესაბამისად, მისი პატიმრობაში დატოვება არაგონივრული იქნება.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამ დრომდე წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.