ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ, დღეს მუსლიმი სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართველმა მუსლიმებმა აღავლინეს. ხალხმრავლობის გამო მორწმუნეთა ნაწილმა ლოცვის რიტუალი ქუჩაში შეასრულა, დიდი ნაწილი კი ბათუმში იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს.
რამაზანის მარხვის პერიოდში ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება, ბაირამის დღეს კი ისინი ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, უხვად გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.
ქართველ მუსლიმებს დღესასწაული ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.