თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ყურანის მინიატურული წიგნები დაურიგდათ.
ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.
სენაკში, დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცებისთვის ყურანის გადაცემის ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე დაესწრნენ. ყურანის გადაცემის შემდეგ მუფთმა სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, მოახლოებული რამადან ბაირამი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მინიატურული ყურანი საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია.
სამინისტროს ინიციატივით, თავდაცვის ძალების მართლმადიდებელ ქრისტიან სამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაულზე უკვე გადაეცათ მინიატურული წმინდა წიგნები „ახალი აღთქმა“. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის. ახალი აღთქმის, ოთხი სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას – 10 მცნება, მრწამსს, ცხრა ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების – ვახტანგ გორგასალისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქრისადმი.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.