მუსიკალურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ ბათუმური ნაწილი დასრულდა
მუსიკალურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ ბათუმური ნაწილი დასრულდა

მუსიკალურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ ბათუმური ნაწილი დასრულდა. ბოლო კონცერტი მთლიანად ტანგოს საღამოს მიეძღვნა.

სპეციალურად ფესტივალისთვის პროექტი ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა მევიოლინემ გია იაშვილმა შექმნა, რომელმაც ტანგოს რამდენიმე ვერსია უნგრელ გიტარისტთან, სოფია ბოროსისთან ერთად შეასრულა.

წარმოდგენილი იყო პიაცოლას, დი მარინოს, მორიკონესა და სხვა კლასიკოსების ვერსიები. იტალიელმა მარიო სტეფანო პეტროდარიჩმა ტანგო ბანდონეონისა და კამერულ ორკესტრ „საქართველოს ვირტუოზების“ თანხლებით შეასრულა.

„წელს ტანგოს უმშვენიერესი საღამოთი დავემშვიდობეთ ბათუმს ერთი წლით. „ღამის სერენადები“ გაგრძელდება თბილისში, ჩვენ შევეცადეთ ფესტივალისთვის შეგვენარჩუნებინა ის სულისკვეთება, რომელიც ლიანა ისაკაძისგან მოდის, ფესტივალს უფრო და უფრო მეტი მსმენელი ემატება“ – განაცხადა ფესტივალის დირექტორმა, ნინა ცაგარელმა.

ფესტივალი თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაგრძელდება და კონცერტები 2 და 4 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალის ბათუმურ ნაწილს წელს არ ესწრებოდა თავად დამაარსებელი ლიანა ისაკაძე, რომელმაც „ღამის სერენადებს“ ზუსტად 10 წლის წინ ბათუმში ჩაუყარა საფუძველი.