მურმან მარგველაშვილი - ინვესტორებისთვის ენერგეტიკული ბაზარი გაურკვეველია, ამიტომ მათ ინვესტირება შეანელეს
ინვესტორებისთვის საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი გაურკვეველია, ამიტომ მათ ინვესტირება შეანელეს. ინვესტორების ნდობის აღსადგენად საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია და კარგად გამართული ბაზარი სჭირდება, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან მარგველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ენერგოეფექტურობის შესახებ შემუშავებული ახალი კანონპროექტები და ქვეყნისთვის ზოგადად ენერგოეფექტური პოლიტიკის მნიშვნელობა განიხილეს. დისკუსიის დროს ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნის მზარდი ენერგომოხმარების ფონზე ენერგოდეფიციტი იზრდება, ჰესების მშენებლობაში კი, ინვესტიციებმა იკლო და ქვეყანა თავის უხვ ჰიდრორესურსებს ვერ იყენებს. მარგველაშვილის მოსაზრებით, აღნიშნულ პრობლემას რამდენიმე მიზეზი აქვს და სასურველია საკითხი კომპლექსურად გადაიჭრას.
„მაგას რამდენიმე პრობლემა იწვევს. ერთ-ერთია ის, რასაც დიდი ხანია ვამბობ – ქვეყანას უნდა ჰქონდეს გააზრებული, დამუშავებული სტრატეგია და რაც მთავარია სტრატეგიული ჯგუფები ჰყავდეს, ჰქონდეს სტრატეგიულად მოაზროვნე კვლევები და საერთოდ, ქვეყანა შორს უნდა იყურებოდეს, რომ იცოდეს რა აუცილებელი პრიორიტეტები უდგას წინ. მეორე ფაქტორი არის არასაკმარისი კომუნიკაცია. რაკი სტრატეგია არა გვაქვს, მოსახლეობასთანაც ჭირს კომუნიკაცია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ამ სტრატეგიის უქონლობის პირობებში იმდენი ვალდებულება ავიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, რომ უკვე საშიშ ზღვარს მივაღწიეთ. ამასთან ერთად, ენერგეტიკული ბაზარი ჯერ არ გვაქვს ჩამოყალიბებული, რადგან არ არის ცნობილი, თუ როგორ იმუშავებს ეს ბაზარი, რა პირობები იქნება, რა ფასები, ან გაყიდვის რა შესაძლებლობები, ინვესტორებისთვის ენერგეტიკული ბაზარი გაურკვეველია, ამიტომ მათ ინვესტირება შეანელეს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
„საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს“ დამფუძნებლის განმარტებით, გამოსავალი რეფორმების დაჩქარებაშია.
„რეცეპტი არის ის, რომ რეფორმა უნდა დავაჩქაროთ. როგორც ვიცი, პარლამენტში უკვე განხილულია და მოწონებული კანონი ენერგეტიკის შესახებ. ამის მიღება უნდა დავაჩქაროთ. ასევე კანონქვემდებარე აქტების, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ, როგორ იმუშავებს რეალური ბაზრის სტრუქტურა. ჩვენთან ძალიან რთული გარემოა: ცალკე პატარა ქვეყანა გვაქვს, ცალკე ენგურის და აფხაზეთის გადაუხდელობის პრობლემა დგას, ცალკე გარეთ დამოკიდებულების – ეს ყველაფერი კარგად უნდა გავიაზროთ და ისე დავითვალოთ, ენერგეტიკული ბაზარი როგორ იმუშავებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი მოსაზრებით, რეფორმების განხორციელება ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში გაერთიანებამაც შეაფერხა. თუმცა, მოცემულ ეტაპზე, მარგველაშვილის ვარაუდით, უმჯობესია ენერგეტიკის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხი აღარ დადგეს და ის, სადაც არის იმ სტრუქტურაში გაძლიერდეს.
„ენერგეტიკის სამინისტრო გვჭირდებოდა, ახლა აღარ. რეფორმის ძალიან დიდი ტალღა იყო, რაც ახლაც გრძელდება. ამ ტალღას ლოკომოტივი სჭირდება, რომელსაც პოლიტიკური ნებაც უნდა ჰქონდეს და პროფესიულიც და ა.შ. იმ პერიოდში ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გააერთიანეს, რაშიც დრო დაიკარგა – რეფორმების განხორციელება შენელდა. ამან ინვესტორების თვალში გაუგებრობა გამოიწვია, ვერ გაიგეს რა ხდება. ახლა დილემაა ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის საკითხი. თუ ეს აღდგენა კიდევ ორ წელს დაგვაკარგინებს, ჯობია არ გავაკეთოთ და რაც არის, ის გავაძლიეროთ, მისი უნარები და რესურსები გავზარდოთ“, – განუმარტა მურმან მარგველაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.