მურმან დუმბაძე - საარჩევნო სია იქნება დედაქალაქის სია, კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი ჩაეწერება
თუ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და პარტიული სიები დაიწერება, ეს სიები იქნება დედაქალაქის სიები – კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი ჩაეწერება, – ამის შესახებ პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.
მურმან დუმბაძე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მომავალი არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
„მაჟორიტარული არჩევნები აღარ გვაქვს. თუ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და პარტიული სიები დაიწერება, ეს სიები იქნება დედაქალაქის სიები – კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი, დედაქალაქში ვინც ცხოვრობს, რუსთაველის ქუჩაზე, ის ხალხი ჩაეწერება პარტიულ სიებში, ვინ ჩაწერს ზესტაფონიდან, სამეგრელოდან და დედოფლისწყაროდან ხალხს ამ სიებში, არავინ.
პროპორციული არჩევნები ჩავატაროთ მაჟორიტარების გარეშე, მაგრამ ჩავატაროთ რეგიონულi პროპორციული არჩევნები, რომელსაც რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება არ უნდა. ისე, რომ რეგიონებიც იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ნუ მივიღებთ მარტო დედაქალაქის სიებს“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.