მურმან დუმბაძე - ნიკა მელია შეცდა, რომ პარლამენტში ბოლომდე არ შეიჭრა, ეს იყო მისი ამოცანა, ძალიან ცუდი, თუ ამბობს, რომ არ ვაპირებდი შეჭრასო
ოკუპანტი თუ შემოვა და საკანონმდებლო ორგანოში დაჯდება, გამოვათრევ იქიდან. საკანონმდებლო ორგანო ამ მოქალაქეებისაა, ჩვენი მოგონილია პარლამენტი, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ ნიკა მელიას საქმის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მოქალაქეების სიტყვას თუ არ გაიგონებს, მასაც გარეთ გამოიყვანენ.
„კაცმა გააპროტესტა ოკუპანტის ჩამოსვლა საქართველოში და აპირებდა შესვლას პარლამენტში. მე შევიდოდი პარლამენტში და გავაპროტესტებდი, გამოვათრევდი იმ გავრილოვს გარეთ, რადგან არ ეკუთვნის, ყოველდღე ღობეს აჩოჩებს, ყოველდღე მბომბავს, ყოველდღე მამცირებს, ყოველდღე მჩაგრავს, ის ჩვენი მტერია და მე არ გავაპროტესტო? ოკუპანტი თუ შემოვა და საკანონმდებლო ორგანოში დაჯდება, კი არ შევიჭრები, გამოვათრევ იქიდან. საკანონმდებლო ორგანო ამ მოქალაქეებისაა, ჩვენი მოგონილია პარლამენტი. კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეებმა შევქმენით, პარლამენტი საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის და არა გია ვოლსკის. პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენ დავსვით და ჩვენს სიტყვას თუ არ გაიგონებს, კი არ შევიჭრებით, შევალთ და გამოვათრევთ იქიდან. ამიტომ რაც ცივილიზებულ სამყაროს მოუფიქრებია – დაწყებული რევოლუციით, დამთავრებული მოფერებით – ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
კითხვაზე, რამდენად ცივილიზებული ფორმაა საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა, მურმან დუმბაძემ უპასუხა, რომ ესეც კონსტიტუციური მეთოდია.
„ბიძინა ივანიშვილს დაუსვით ეს შეკითხვა. 2011 წლის 26 მაისს მე ვაპირებდი შეჭრას და რატომ მეუბნება, რომ გმირი ხარო?! 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვაპირებდი პარლამენტში შესვლას, არ მომწონდა სააკაშვილი, უნდა შევსულიყავი და პანღური ამომეკრა. რატომ მეუბნებოდა ივანიშვილი, ბატონო მურმან, შენ გმირი ხარ. მაშინ გმირი ვიყავი და ახლა აღარ ვარ თუ როგორ არის საქმე?! პარლამენტში შეჭრაც არის კონსტიტუციური მეთოდი. რას ჰქვია, პარლამენტში პუტინი თუ შემოვა და დაჯდება, ჩვენ რა ვქნათ, ქალბატონ ჩახნაშვილს დავურეკოთ და ვკითხოთ, შეიძლება თუ არა შევიდეთ და რამე გავაკეთოთ?“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
კითხვაზე, მართებულ იყო თუ არა ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მურმან დუმბაძემ უპასუხა, რომ სწორი იქნებოდა, ნიკა მელია პარლამენტში შესულიყო.
„ნიკა მელიას მოწოდება სწორია. ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე, უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ მე არ ვაპირებდი შეჭრასო და ძალიან ცუდი, თუ ამას ამბობს. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი: შევიჭრათ და შევიდეთ, არ არის სწორი ოკუპანტთან გარიგება. კაცი, რომელიც ამბობს, რომ სოხუმი არ არის შენი, კაცი, რომელიც ამბობს, რომ ცხინვალი არ არის შენი, კაცი, რომელიც ყოველ დღე გაპატიმრებს, ეს გავაპროტესტეთ და ამის გამო მიჭერთ? პირიქით, ნიკა მელიას მედალი უნდა დავკიდოთ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.