მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეს პატიმრობა შეეფარდა
მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
გამოძიება მას ედავება ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე ჯგუფურად ცემას.
საუბარია 2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც ცემის შედეგად მურად წურწუმია გარდაიცვალა, ხოლო მისმა ძმამ სხეულის დაზიანება მიიღო.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ბურძენიძე რამდენჯერმეა გამოკითხული, არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ბრალდებულის ადვოკატმა კი საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა. ადვოკატი აცხადებს, რომ ის დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალდების იმ ნაწილს, რომელიც გარდაცვლილი მურად წურწუმიას ჯანმრთელობის დაზიანებას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თუმცა, რაც შეეხება გარდაცვლილის ძმის ეპიზოდს, ადვოკატი აცხადებს, რომ ვახტანგ ბურძენიძე ამ ნაწილში ჩხუბში მონაწილეობდა, მაგრამ, მისივე განმარტებით, ეს ორმხრივი იყო.