მურად აბლოთია - „დირსში“ შეჭრილთა ნაწილს ბინები ან კომპენსაციები უკვე მიღებული აქვს
„დირსის“ კორპუსებში შეჭრილთა ნაწილს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, ბინები ან კომპენსაციები უკვე მიღებული აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მურად აბლოთიამ განუცხადა.
როგორც მურად აბლოთიამ აღნიშნა, „დირსში“ შეჭრილ დევნილთა წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძეს შორის შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა, თუმცა, ჯერ უცნობია, დატოვებენ თუ არა შეჭრილები დაკავებულ კორპუსებს.
მისი თქმით, დევნილების წარმომადგენლებს შეხვედრაზე განემარტათ, რომ ბინების გადაცემა დადგენილი სქემის მიხედვით მიმდინარეობს და „დირსის“ კორპუსებში შეჭრილებისთვის ამ პროცესში არანაირი დამატებითი შეღავათი არ იმოქმედებს.
ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 200-მდე პირი „დირსის“ ორ კორპუსში რჩება.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მხოლოდ ერთ კორპუსში მყოფი 104 მოქალაქის შესახებ, რომელთა შორის დაახლოებით 15 პროცენტი დევნილი არ არის, 50 პროცენტზე მეტი კი, რეგიონებშია რეგისტრირებული და თბილისში ბინები არ ეკუთვნით. აღნიშნული პირებიდან 15 პროცენტს კი, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინები ან კომპენსაციები უკვე მიღებული აქვს“, – განაცხადა მურად აბლოთიამ.
მეოთხე დღეა, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. „დირსში“ 150-მდე ოჯახია შესული.