მურად აბლოთია - „დირსში“ ბინები წესისამებრ განაწილდება იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებიც წლებია, მოლოდინის რეჟიმში არიან
ადამიანები, რომლებიც შეიჭრნენ საცხოვრებელი კომპლექს „დირსის“ ერთ-ერთ კორპუსში, ვერ მიიღებენ ბინებს, ბინები წესისამებრ განაწილდება იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებიც წლებია, მოლოდინის რეჟიმში არიან, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომოგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს იმ ადამიანებთან, რომლებიც „დირსში“ ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მისივე განცხადებით, თუ მათ შორის რომელიმე ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, შეიძლება, სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას და დროებითი საცხოვრებლით დააკმაყოფილოს.
„წელს, ივნისის ბოლოს თბილისში ბინებს 800-მდე ოჯახი მიიღებს, მათ შორის „დირსში“. ასეა იყო დაგეგმილი, თუ ამ პროცესებმა ხელი არ შეუშალა. მოლაპარაკებები გვაქვს დევნილებთან. თუ მათ შორის რომელიმე ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, შეიძლება, რომ მასთან დაკავშირებით სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას და დროებითი საცხოვრებლით დააკმაყოფილოს. დანარჩენი ოჯახები დატოვებენ იქაურობას. არიან ვეტერანი და მაღალქულიანი ოჯახები, რომლებიც წლებია, ელოდებიან ამ ბინებს“, – განაცხადა მურად აბლოთიამ.
მისი თქმით, ბინები განაწილებულია და აღნიშნა, რომ ეს წესი არ დაირღვევა.
„10 აპრილს დევნილი ოჯახების საერთო შეფასების სიას გამოვაქვეყნებთ. 7 მაისიდან ვიწყებთ მონიტორინგს. შენობაში შეჭრილმა დაახლოებით 200-მა ოჯახმა სიები თავად გადმოგვცა. სიებს შევისწავლით და ხვალ დილისთვის სრული ანალიზი გვექნება. ცალსახად ვიმეორებ, რომ ბინები განაწილებულია და ეს წესი არ დაირღვევა. მათ ბინები არ გადაეცემათ. ათასობით დევნილი ოჯახის უფლება დაირღვევა, თუ მათ იქ ბინები მიიღეს“, – განაცხადა მურად აბლოთიამ.
მესამე დღეა, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში ამ დრომდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან მის დაკანონებას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.