მუნიციპალური განვითარების ფონდი 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გეგმავს
ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით ტაბიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ პროექტის დეტალებს და ტენდერის პროცედურებს.
ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
„რამდენიმე თვის წინ, პრემიერის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდმა დაიწყო მასშტაბურ პროექტზე მუშაობა, რომელიც მოიცავს სკოლამდელი აღზრდის და ბაგა-ბაღების სრულ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, რათა რამდენიმე წლის სამუშაოების განხორციელების შემდგომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში გადაჭრილი იყოს ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც ეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. დღეის მდგომარეობით უკვე გაფორმებულია როგორც მთავრობის განკარგულება, ასევე პროცედურების მომზადება ფონდის მიერ. შესაბამისად, ღია კარგის დღეს ვატარებთ მონაწილე კომპანიებთან. ბაზრის კვლევები უკვე დამთავრებულია, რათა ფასის დადგენა მათი სურვილებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ყოფილიყო გათვალისწინებული. პირველი კვარტლის ბოლოს, მარტი-აპრილის პერიოდში სამშენებლო ტენდერების გამოცხადებას ფონდი დაიწყებს. საუბარი გვაქვს, ჯამში, 885 ერთეულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე. 300 იქნება ახლის მშენებლობა, დანარჩენი იქნება რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი, რაც შეეხება მუნიციპალური განვითარების ფონდს, უკვე გამოეყო 100 მილიონი ლარი 2023 წელს და მარტი-აპრილის პერიოდში დავიწყებთ 135 ახალი ბაღის მშენებლობის ტენდერების გამოცხადებას“, – განაცხადა დავით ტაბიძემ.