მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შიდა აუდიტის განმახორციელებელი სუბიექტის ხელმძღვანელები თანამდებობაზე დანიშვნის არჩევითი პრინციპის სტრუქტურას დაექვემდებარებიან
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შიდა აუდიტის განმახორციელებელი სუბიექტის ხელმძღვანელები თანამდებობაზე დანიშვნის არჩევითი პრინციპის სტრუქტურას დაექვემდებარებიან.
შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძეა.
კანონპროექტის მიხედვით, იარსებს დათქმა, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით აირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო მისი არჩევის, მათ შორის, პროფესიული თავსებადობის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეფასების წესი, ამ კანონის შესაბამისად, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.
კანონპროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2025 წელი. ინიციატორი განმარტავს, რომ აღნიშნული ვადა ემსახურება და თანხვედრაშია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპთან.
„უფლებამოსილების განხორციელების პერიოდი განსაზღვრულია ხუთი წლის ვადით, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის ხელმძღვანელის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადა დაუკავშირდება არა საკრებულოს უფლებამოსილების ვადას, არამედ სცილდება მას, რაც თვისობრივად ამკვიდრებს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ასევე, არ ეწინააღმდეგება პროფესიული და სტაბილური საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბების მიზნებს. რაც შეეხება შიდა აუდიტის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის შერჩევას, იგი განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადის მსგავსად, რაც შიდასახელმწიფოებრივად დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს“, – ნათქვამია პროექტში.
კანონპროექტის ინიციატორი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიის შიდა აუდიტის ხელმძღვანელები თანამდებობაზე ინიშნებიან უვადოდ, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტში შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნის წესთან დაკავშირებით მოქმედებს არჩევითობის პრინციპი და მათ თანამდებობაზე ირჩევს თბილისის საკრებულო განსაზღვრული ვადით.
„მიზანშეწონილია, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საქართველოში არსებობდეს საერთო მარეგულირებელი საკანონმდებლო სტანდარტები“, – ნათქვამია პროექტში.