მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური შესაძლოა, 100 ლარით შემცირდეს
მუნიციპალიტეტებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური შესაძლოა, შემცირდეს.
შესაბამის საკითხს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თვითმმართველ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში საფასური იგივე რჩება, რაც სემეკ-ის განმარტებით, მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით არის განპირობებული, მაგალითად, ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვის საჭიროება და ა.შ.
„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ქსელზე მიერთების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შევიმუშავეთ პაკეტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური მცირდება და 400 ლარი გახდება. აქამდე საფასური 500 ლარი იყო“, – განაცხადა სემეკ-ის წევრმა, გიორგი ფანგანმა.
მისივე განმარტებით, წყალმომარაგების კომპანია ვალდებული იქნება, მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს მიერთების საფასური ორ წელზე გადაუნაწილოს.
„გარდა ამისა, მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც დიდი დიამეტრის მილსადენებს საჭიროებენ. 100 და 150 მმ-იანი წყალარინების მილსადენებზე მიერთების აქამდე მოქმედ საფასურებს შორის დიდი სხვაობა იყო. რაც რიგ შემთხვევებში, სადავო ხდებოდა. შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდა წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით. მაგალითისთვის, 150 მმ-იანი წყალარინების მილის მიერთება თვითმმართველი ქალაქებისთვის 39 პროცენტით მცირდება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის 57 პროცენტით “, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.
აღნიშნულ საკითხს სემეკ-ი 17 იანვრის სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.