მუხროვანის ბაზაზე პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები ერთობლივად დასრულდა.
თავდაცვის უწყების ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც.
„სამხედრო მოსამსახურეებს რთული და მნიშვნელოვანი კურსების წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ინსტრუქტორებს კურსების უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
მუხროვანის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროებმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასთან ერთად საჩვენებელი სწავლება გამართეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით, სწავლებაში მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის უზრუნველყოფის ამოცანები შესრულდა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.