ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მიმდინარე წლის 13 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ნანახი იქნა დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მამაკაცს ქვედა კიდურებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, გარდაცვლილის ნათესავი – გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ გ.ა.-ს სახელზე რეგისტრირებული დანაშაულის ჩადენის იარაღი – „რემუმინგტონ 700“ -ის მოდელის შაშხანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია ტყვიის ორი მასრა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.