მუხიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
მუხიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მამაკაცი ამავე კორპუსში ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, ლიფტში არის ცეცხლის კერის კვალი, ცხედარს კი ჭრილობები აღენიშნება. ცხედარი ცოტა ხნის წინ გადაასვენეს ექსპერტიზაზე.
ადგილზე იმყოფება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილი, რომლის თქმითაც, ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის და მიმდებარე პერიმეტრის დათვალიერება.
ამასთან, პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
„გამოძიება მუშაობს და ყველა კვალი მოიძებნება. დაზიანებების რაოდენობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება. დაიკითხება ყველა მოწმე, სად და როგორ აღმოაჩინეს გარდაცვლილი, ყველა დეტალი გაირკვევა. ყველა საჭირო მტკიცებულებას, იარაღსაც ეძებს გამოძიება“, – აღნიშნა პროკურორმა.