მუხიანში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
მუხიანში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, მუხიანში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრილი მე-5 საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც ექიმმა განაცხადა, პაციენტს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული, საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ კი პალატაში გადაიყვანეს.

თბილისში, მუხიანში გვიან ღამით სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან ოჯახში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ. დაღუპულის ნათესავები და მეზობლები დაპირისპირების მონაწილე პირებისა და მოტივების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.