მუხიანის აგარაკებზე და ფონიჭალის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის ორ პროექტს განახორციელებს.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წყალარინების ქსელი მუხიანის აგარაკებზე მოეწყობა და ქსელზე 270 ოჯახი დაერთდება.
„წელსაც ვაგრძელებთ ჩვენი საარჩევნო დაპირების შესრულებას და წყალარინების ქსელების მოწყობას იმ დასახლებებში, სადაც აღნიშნული პრობლემა დღემდე არსებობს. ეს ისეთი უბნებია, რომელთა განაშენიანებაც ქაოსურად, სამშენებლო ნებართვების გარეშე მოხდა. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ასეთ ადგილებში არ არის წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი, მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა და გადაადგილება ჭირს. ამჯერად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მუხიანის აგარაკებზე, ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მოეწყობა, სადაც, პარალელურად, ქსელზე მოსახლეობა, სულ 270 ოჯახი დაერთდება. ჩვენ მუხიანის აგარაკებზე სხვადასხვა პროექტის განხორციელება და გზის დაგება რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. აქ იყო ბევრი პრობლემა, ელემენტარულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა. სამუშაოების ღირებულება 3 500 000 ლარია. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პროექტი ფონიჭალის დასახლებაში განხორციელდება და წყალარინების ცენტრალურ ქსელზე 130-მდე ოჯახი დაერთდება.
„ასევე, ვიწყებთ წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას ფონიჭალის დასახლებაში – ერეკლეს ქუჩაზე, ერეკლეს პირველ შესახვევში, გულბანის ქუჩის დარჩენილ ნაწილში, აფხაზეთის ქუჩის მეორე შესახვევსა და აფხაზეთის ქუჩის დანარჩენ ნაწილში. ამ შემთხვევაში, ცენტრალურ ქსელზე 130-მდე ოჯახი დაერთდება. პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ პროექტებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.