მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერის დავალებით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ დასახლებაში ორი დღის წინ იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გაცნობის შემდეგ, მოსახლეობას მათ მოგვარებას დაჰპირდა.
კახა კალაძის განცხადებით, კომპლექსური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუხიანის დასახლებაში ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
„მუხიანის აგარაკებზე მცხოვრებ მოქალაქეებს სერიოზული პრობლემა აწუხებთ. დაახლოებით, 7000-მდე მოსახლეა, სადაც წყალარინების ქსელი არ არსებობს. ასევე, პრობლემურია 24-საათიან რეჟიმში წყლის მიწოდების საკითხი. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ კომუნიკაცია გვქონდა, რომ დაიწყება სამუშაოები და ნოემბრის ბოლოსთვის ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. არ არსებობდა გარეგანათების ბოძები და ამ მიმართულებით, სამუშაოების შესრულება „თბილსერვისმა“ უკვე დაიწყო. დღეს კონკრეტულად, წყალარინების ქსელის მოწყობა დავიწყეთ, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. სამუშაოების ბოლო ეტაპი კი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება, რადგან ცუდ ამინდში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, დასახლებაში ცენტრალური კოლექტორის მშენებლობის შემდეგ, ვარდისუბნისა და საზანოს ქუჩებზე წყალარინების ქსელი მოეწყობა. მუხიანი 2-ის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.
ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 903 172 ლარი დაიხარჯება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ განახორციელებს.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაკტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.