ადგილობრივების ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობა შესაძლოა, წარსულში მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდეს
ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მურად (ბუტა) ანთაძის მკვლელობა შესაძლოა, წარსულში მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდეს.
არსებული ინფორმაციით, 14 ივნისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირების დროს ადგილზე ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ნასვამმა, 28 წლის ბ.ტ.-მ იქ მყოფი პოლიციელები სახლში საქეიფოდ დაპატიჟა, რაზეც პოლიციელებმა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, უარი განუცხადეს. გამთენიისას ბ.ტ.-მ ადგილზე მყოფ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს მურად ანთაძეს მოულოდნელად ზურგის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მურად ანთაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის ფაქტი, ხის გადატანასთან კავშირში არ არის. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბრალდებულს პოლიციის უფროსთან გარკვეული უთანხმოება ადრეც ქონდა. მათი ვარაუდით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა წლების წინ ბრალდებულის ბიძაშვილის ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებას უკავშირდებოდეს. მაშინ, ამის გამო, ბრალდებული ახლობელთან პროტესტის ნიშნად კარავში შიმშილობდა.